სოტბი პირველი მსხვილი აუქციონის სახლია, რომელმაც კრიპტოვალუტის გამოყენებით მატერიალური ნივთის შეძენის პრაქტიკა დანერგა. სოტბის აუქციონის ვებგვერდზე დაყრდნობით, ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
12 მაისს ნიუ-იორკში აუქციონზე ფსევდო-ანონიმური ინგლისელი გრაფიტის მხატვრის, ბენქსის ყველაზე ცნობილი ნამუშევარი - Love is in the Air გაიყიდება. ნახატი $3-დან $5 მილიონამდე ღირს და მისი შეძენა ბიტკოინის ან ეთერიუმის ექვივალენტებითაც იქნება შესაძლებელი. ამ შემთხვევაში, მისი ფასი 35-53 ბიტკოინი იქნება.
აუქციონზე წინადადებები ტრადიციულად დოლარში მიიღება, თუმცა გამარჯვებულს ექვივალენტური თანხის გადახდა კრიპტოვალუტაში შეეძლება. თანხის გადასარიცხად კრიპტოვალუტის უდიდესი ბირჟა Coinbase გამოიყენება.
2003 წელს შექმნილი ნამუშევარი, რომლის ზომებია 90X90,ზეთის საღებავითაა შესრულებული და თან მხატვრის ხელმოწერა ერთვის.