LIVE

აკრძალული შინაარსის გამო რუსეთი Twitter-ის დაჯარიმებას აპირებს

05 მაი 202115:45
3 წუთის საკითხავი
clock clock 488
აკრძალული შინაარსის გამო რუსეთი Twitter-ის დაჯარიმებას აპირებს
REUTERS/Dado Ruvic/Illustration

აკრძალული შინაარსის გამო რუსეთი Twitter-ისთვის დამატებით, 24 მილიონი რუბლის ($321,586) ჯარიმის დაკისრებას აპირებს. ინფორმაციას სააგენტო TASS სასამართლოზე დაყრდნობით აქვეყნებს.

კომუნიკაციების სახელმწიფო მარეგულირებელმა, როსკომნადზორმა გასულ კვირას განაცხადა, რომ მართალია Twitter-მა შეასრულა აკრძალული შინაარსის ამოღების მოთხოვნა, მაგრამ ამას ძალიან დიდი დრო დასჭირდა. 

TASS-ის ცნობით, მარეგულირებელმა მოსკოვის სასამართლოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, 6 ტვიტის გამო მიმართა და ჯარიმის ოდენობა 4 მილიონამდე რუბლს შეადგენს. ჯერჯერობით უცნობია, როდის ჩატარდება სასამართლო პროცესი.

აკრძალული შინაარსის ამოღებაზე უარის გამო სოციალური მედია გიგანტი აპრილში 8,9 მლნ რუბლით დაჯარიმდა.

როსკომნადზორი ამტკიცებს, რომ საუბარია შინაარსზე, რომელიც შეიცავს ბავშვთა პორნოგრაფიას, ნარკომანიის შესახებ ინფორმაციას ან არასრულწლოვნებს თვითმკვლელობისკენ მოუწოდებს.

Twitter-ი უარყოფს პლატფორმის გამოყენებას უკანონო ქმედებების ხელშეწყობისთვის და აცხადებს, რომ აქვს ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა ბავშვების სექსუალური ექსპლუატაციის მიმართ და კრძალავს სუიციდის ან თვითდაზიანების პოპულარიზაციას.

ბოლო თვეების განმავლობაში რუსეთმა უცხოური სოციალური ქსელებისა და ტექნოლოგიური კომპანიების საქმიანობაზე კონტროლი გაამკაცრა. გასულ კვირას Apple $12 მილიონით დააჯარიმეს მობილური აპლიკაციების ბაზარზე დომინანტი პოზიციის ბოროტად გამოყენების გამო. რუსეთის ხელისუფლებამ უჩივლა Google-ს, Facebook-სა და სხვა კომპანიებს იმის გამო, რომ მათ არ წაშალეს მასალა, რომლითაც მოზარდებს უკანონო საპროტესტო აქციებში მონაწილეობისკენ მოუწოდებდნენ.

საქმეები მას შემდეგ აღიძრა, რაც თებერვალში ოპოზიციის ლიდერი, ალექსეი ნავალნი დააპატიმრეს და რუსეთი საპროტესტო აქციებმა მოიცვა.