LIVE

პროცესორებზე გლობალური დეფიციტი Apple-ს, BMW-ს და Ford-ს შეეხო

03 მაი 202118:58
3 წუთის საკითხავი
clock clock 1327
პროცესორებზე გლობალური დეფიციტი Apple-ს, BMW-ს და Ford-ს შეეხო
Aurich Lawson / Getty Images

გლობალური ჩიპების დეფიციტი ცუდიდან უარესისკენ ვითარდება. ტექნოლოგიური კრიზისის შედეგად, მსოფლიოს უდიდესი ავტომწარმოებელი კომპანიები ამცირებენ წარმოებებს და შემოსავლებს კარგავენ. ასეთივე სიტუაცია აქვთ ტექნიკურ გიგანტებს Apple-ს და Samsung Electronics.

სიმპტომატურია, რომ 12-საათიან მონაკვეთში, Honda-მ შეაჩერა წარმოება იაპონიის სამ ქარხანაში; BMW-მ გრაფიკები დააწესა გერმანიისა და ინგლისის ქარხნებში; და Ford-მა შეამცირა სრული წლის მოგების პროგნოზი, მომდევნო წელსაც მოსალოდნელი ჩიპების დეფიციტის გამო.

ახლა იმ კომპანიებს შეექმნათ პრობლემები, რომლებმაც პანდემიის ვითარებაში სარგებელი ნახეს ტელეფონებზე, ლეპტოპებსა და ელექტრო მოწყობილობებზე გაზრდილი მოთხოვნის შედეგად, რის გამოც შეიქმნა ჩიპებზე დეფიციტი. ფინანსურად წარმატებული მეორე კვარტლის შემდგომ, Apple იძულებული იქნება შეამციროს iPad-ის და Mac-ის წარმოება, და $3-4 მილიარდით ნაკლები შემოსავალი მიიღოს მესამე კვარტალში.

Nokia-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, პეკა ლუნდმარკმა, Bloomberg-თვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ „მიმდინარეობს ნამდვილი ბრძოლა, სადაც ყოველდღიურ კონტაქტში უნდა იყო შენს მომწოდებლებთან. უნდა დაუმტკიცო, რომ შენ მათთვის მნიშვნელოვანი ხარ. როდესაც ბაზარზე ჩიპების დეფიციტია, უნდა აჩვენო, თუ რა როლი გაქვს გლობალურად, როგორი ძლიერი ურთიერთობები გაქვს და როგორ პასუხობ მოლოდინებს“.

ასეთ ვითარებაში, ჩიპების მწარმოებელი კომპანიები, აღნიშნავენ გაყიდვების ზრდას და მილიარდობით დოლარის ინვესტიციას გეგმავენ წარმოების გასაფართოებლად, რათა დააკმაყოფილონ გაზრდილი მოთხოვნები. მსოფლიოში სმარტფონებისთვის ჩიპების უდიდესმა მწარმოებელმა კომპანიამ Qualcomm განაცხადა, რომ სმარტფონებზე მოთხოვნა თანდათანობით კლებულობს, პანდემიური შეზღუდვების შემსუბუქების გამო.

ავტომობილებისთვის ჩიპების ძირითადმა მწარმოებელმა, STMicroelectronics განაცხადა, რომ პირველ კვარტალში მისი მოგება 280% -ით გაიზარდა, რაც აგრეთვე გადატვირთული მომარაგების ჯაჭვით აიხსნება.

Samsung-მა, რომელიც ჩიპების მწარმოებელია და მომხმარებელიც,  განაცხადა, რომ კომპონენტის დეფიციტი ხელს შეუწყობს კომპანიის სმარტფონების განყოფილებაში შემოსავლის და მოგების შემცირებას ამ კვარტალში.

კრიტიკულად საჭირო ნახევარგამტარების სიმცირემ გლობალური ავტო ინდუსტრია აიძულა პროდუქცია შეემცირებინა. აპრილის ბოლოს Jaguar-მა, Volvo-მ და Mitsubishi-მ აგრეთვე შეაჩერეს წარმოება ზოგიერთ ქარხანაში.

ექსპერტების აზრით, საავტომობილო მწარმოებლებისთვის მეორე კვარტალი უფრო ცუდი იქნება, ვიდრე პირველი კვარტალი. ჩიპების დეფიციტის პრობლემა შესაძლოა მოსალოდნელზე უფრო დიდხანს გაგრძელდეს და შემდეგ წელშიც გადავიდეს.

Ford, სავარაუდოდ, 1,1 მილიონი მანქანით შეამცირებს წარმოებას წელს, რითაც $2,5 მილიარდით ნაკლებ შემოსავალს მიიღებენ.

Tesla-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, ელონ მასკმა ჩიპების დეფიციტს ”უზარმაზარი პრობლემა” უწოდა. NXP Semiconductors-მ განაცხადა, რომ მთელი წლის განმავლობაში მიწოდება შეზღუდული იქნება და ავტო ინდუსტრიაში ჩიპების დეფიციტი 2022 წელსაც გაგრძელდება.

 

 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: პირეტ ვერსო