LIVE

თანამშრომლების სახლიდან მუშაობით Google-მა $1 მილიარდზე მეტი დაზოგა

30 აპრ 202121:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 698
თანამშრომლების სახლიდან მუშაობით Google-მა $1 მილიარდზე მეტი დაზოგა
Bloomberg L.P.

კოვიდ რეგულაციების შემსუბუქებასთან ერთად, უფრო და უფრო მეტი ადამიანი ემზადება სამოგზაუროდ. ისინი, უმეტესად, ტურებს და სასტუმროებს ინტერნეტით ჯავშნიან, რაც Google-ის სარეკლამო ბიზნესისთვის ძალიან კარგია. ამასთან, Google-ის თანამშრომლები, რომლებიც სახლებიდან მუშაობენ, კომპანიის ხარჯებით ბევრს აღარ მოგზაურობენ, რაც ასევე კარგია კომპანიისთვის. 

გასულ წელთან შედარებით, პირველ კვარტალში, Google-ის მშობელმა ჰოლდინგმა Alphabet-მა კომპანიის პოპულარიზაციის, თანამშრომლების მოგზაურობისა და გართობის ხარჯების შემცირებით, 268 მილიონი აშშ დოლარი დაზოგა. წელიწადზე გაანგარიშებით, დაზოგილი თანხა 1 მილიარდ დოლარს აღემატება. კომპანია ამ დანაზოგს პანდემიასთან დაკავშირებულ რეგულაციებს უმადლის. 

Alphabet-მა წლის დასაწყისში ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას აღნიშნა, რომ 2020 წელს სარეკლამო ხარჯები $1.4 მილიარდით შემცირდა. ამის მიზეზი ისაა, რომ პანდემიის გამო, კომპანიამ შეაჩერა ან გადადო დაგეგმილი კამპანიები, ზოგიერთი ღონისძიება კი ონლაინ გადაიტანა. ანგარიშის მიხედვით, კომპანიამ მხოლოდ მოგზაურობისა და გართობის ხარჯები 371 მილიონი დოლარით შეამცირა.

დანაზოგი აკომპენსირებს იმ დიდ ხარჯს, რაც კომპანიამ ათასობით ახალი თანამშრომლის აყვანის გამო გასწია. შემოსავლის 34%-იანი ზრდის მიუხედავად, გონივრული გადაწყვეტილების წყალობით, პირველი კვარტლის განმავლობაში კომპანიამ მარკეტინგისა და ადმინისტრაციული ხარჯების ეფექტური დონის შენარჩუნება შეძლო. 

Google ცნობილია თანამშრომლებისთვის წამახალისებელი ბონუსებით, როგორებიცაა მასაჟის მაგიდები, კვება და კორპორატიული დასვენება, რაც სილიციუმის ველის სამუშაო კულტურაზე დიდ გავლენას ახდენს. Google-ის თანამშრომლების უმეტესობა 2020 წლის მარტიდან სახლიდან მუშაობს და შესაბამისად, ამ ბონუსების გარეშე დარჩა. 

Google თანამშრომლების ოფისებში დაბრუნებას 2021 წლის ბოლოს გეგმავს, თუმცა, როგორც კომპანიის მთავარი ფინანსური დირექტორი, რუთ პორატი ამბობს, კომპანია განიხილავს ჰიბრიდულ მოდელს. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: მარკ ბერგენი