„4-პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა მარტის თვეში არის იმის დასტური, რომ დაბალანსებული მიდგომა, რასაც ჩვენ ვიჩენთ, არის გამართლებული - ქვეყანაში ცალსახად მიმდინარეობს ეკონომიკური ზრდა, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ პანდემიის მესამე ტალღის პროცესში ვიმყოფებით და პანდემია არ არის დამარცხებული“ - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა „საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებული მაჩვენებლების შეფასებისას განაცხადა.
ნათია თურნავას თქმით, მოსალოდნელია, რომ წლის ბოლომდე ეკონომიკური ზრდის ტემპი კიდევ უფრო მაღალი იქნება. „მომავალში ველოდებით, რომ ზრდის ტემპი უფრო მეტად ამაღლდება. ჩვენ ვახერხებთ, რომ დარგები აღდგეს, ტურიზმიც ნელ-ნელა ვითარდება, კვლავ აღდგენისკენ მიდის და ეს გვაძლევს იმედს, რომ წლის ბოლომდე გვექნება საკმაოდ მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზრდა“ - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.
ცნობისთვის, "საქსტატის" წინასწარი შეფასებით, ერთწლიანი კლების შემდეგ პირველად 2021 წლის მარტში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა 4%-ით გაიზარდა. 2021 წლის პირველ კვარტალში კი საქართველოს ეკონომიკა 4.2 პროცენტით შემცირდა.