ციხეში სათანადო მკურნალობის არარსებობის გასაპროტესტებლად დაწყებული შიმშილობის დასრულების მიუხედავად, რუსეთის ოპოზიციის ლიდერი, ალექსეი ნავალნი კვლავ სერიოზულ საფრთხეშია. ასეთივე საფრთხის ქვეშ არიან მასთან ასოცირებული ორგანიზაციები, მისი მხარდამჭერები და ყველა, ვინც ოპოზიციის ლიდერთან მუშაობდა.
ნავალნის გარდაცვალებამდე რამდენიმე საათი იყო დარჩენილი, ან, უფრო სწორედ, პუტინის რეჟიმის მიერ მის მკვლელობამდე. დასავლეთის ლიდერები ამტკიცებდნენ, რომ პუტინმა ნება მისცა სამოქალაქო ექიმებს, მოენახულებინათ კრემლის კრიტიკოსი (თუმცა მოწოდებები ნავალნის გათავისუფლების შესახებ პუტინს შეუმჩნეველი დარჩა). მაგრამ ნავალნი არავითარ შემთხვევაში არ არის ტყვეობიდან გასული, მით უმეტეს, რომ პუტინის აგენტებმა იგი მხოლოდ გასულ ზაფხულს მოწამლეს. პუტინს ვერ შევეშვებით იმის გამო, რომ მან ნავალნი ჯერ არ მოკლა.
ალექსეი ნავალნი 2020 წელს მკვლელობას გადაურჩა და გამოჯანმრთელდა გერმანიაში, მაგრამ პუტინის სამართალდამცავებმა იგი იანვარში, მოსკოვში დაბრუნებისთანავე დააკავეს და დაადანაშაულეს წინა, პოლიტიკურად მოტივირებული დევნისთვის პირობითი მსჯავრის დარღვევაში. სასამართლო პროცესზე, რომელმაც ყველას 30-იანი წლების სტალინის ქვეშევრდომების პერიოდი გაახსენა, ოპოზიციის ლიდერს 2.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, რაც საკმარისია იმისთვის, რომ პუტინს შემოდგომაზე დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში ნავალნიმ ხელი ვერ შეუშალოს.
ამასთან, პუტინისთვის ნავალნის დევნა საკმარისი აშკარად არ არის. გასულ კვირაში რუსეთის ხელისუფლებამ სცადა, აეკრძალა ნავალნისთან დაკავშირებული სამი ორგანიზაცია მათი „ექსტრემისტულად“ გამოცხადებით. შევიწროების საფრთხის ქვეშ არის ყველა, ვინც ამ ორგანიზაციებში მუშაობს, ან შემოწირულობებს ახორციელებს.
რეჟიმის მხრიდან ახალი ამბებისა და ინფორმაციის დამოუკიდებელი წყაროების შეზღუდვის სამიზნე მხოლოდ ნავალნის ორგანიზაციები არ არიან. გასულ კვირას, იუსტიციის დეპარტამენტმა სააგენტო Meduza “უცხო ქვეყნის აგენტად” გამოაცხადა, რასაც შეუძლია მის ფუნქციონირებას ხელი შეუშალოს. მიუხედავად იმისა, რომ სააგენტოს ოფისები ლატვიაში მდებარეობს, მუშაობისთვის Meduza ეყრდნობა ადგილობრივ ჟურნალისტებსა და რუსულ წყაროებს.
კრიტიკოსების, ოპოზიციური ფიგურების გაჩუმება და ინფორმაციის ნაკადის კონტროლი პუტინის რეჟიმის პირობებში ახალი არ არის. თავდაპირველად, ხელისუფლებამ წარმატებით აიღო კონტროლი ქვეყნის მასშტაბით არსებულ ორ სატელევიზიო არხზე, რომელსაც ოლიგარქები ბორის ბერეზოვსკი და ვლადიმერ გუსინსკი ფლობდნენ. რეჟიმმა სხვა დამოუკიდებელი ახალი ამბების ორგანიზაციები ბიზნესიდან გაიყვანა, ან კრემლის მიმართ მეგობრულად განწყობილ ოლიგარქებს დაუქვემდებარა.
პუტინის პირველი ორი საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში, რუსებს, რომლებსაც გამბედაობა ჰქონდათ, გამოეძიებინათ შესაძლო დანაშაული ან/და ეჭვქვეშ დაეყენებინათ პუტინის ავტორიტეტი, დაემუქრნენ და მოკლეს კიდეც (სერგეი იუშენკოვის, იური შჩეკოჩიხინისა და ანა პოლიტკოვსკაიას შემთხვევები). მოგვიანებით, სხვა მაგალითებიც გამოჩნდა, როგორიცაა ბორის ნემცოვი და ვლადიმერ კარა-მურზა, რომელიც სასწაულებრივად გადაურჩა მოწამვლის ორ მცდელობას. სერგეი მაგნიტსკის საქმემ შეერთებულ შტატებს შთააგონა 2012 წლის კანონით სანქციების დაწესება რუსეთის ოფიციალური პირების მიმართ, რომლებიც ადამიანის უფლებათა უხეშ დარღვევებში მონაწილეობდნენ.
პუტინისგან დაცვას არ უზრუნველყოფს რუსეთის საზღვრებს მიღმა ცხოვრებაც, რასაც 2006 წელს, დიდ ბრიტანეთში, ალექსანდრე ლიტვინენკოს სასიკვდილო მოწამვლა და 2018 წელს სერგეი სკრიპალის მოწამვლის მცდელობა მოწმობს. ორივე რუსეთ-საბჭოთა უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი აგენტი იყო. ლიტვინენკო ღიად აკრიტიკებდა და ბრალდებებს უყენებდა პუტინს, მაგრამ სკრიპალი მშვიდად ცხოვრობდა ინგლისში, სოლსბერიში, მაგრამ პუტინს ეზიზღება ყველა, ვინც, მისი აზრით, მისი და რუსეთის წინააღმდეგია.
პუტინი მიზნად ისახავს ხელისუფლებაში დარჩენას, არალეგალურად მიღებული მილიარდერების დაცვას და ამისათვის ყველაფერს გააკეთებს. კრიტიკოსების და დამოუკიდებელი საინფორმაციო საშუალებების გაჩუმება, ოპონენტების შეურაცხყოფა პუტინის მეორე ბუნებაა.
ჯორჯ სტეფანოპულოსის კითხვაზე, მიიჩნევს თუ არა იგი პუტინს მკვლელად, აშშ-ის პრეზიდენტმა დადებითი პასუხი გასცა - და მართალიც. გავრცელებული ინფორმაციით, ის აპირებს ამ ზაფხულს პუტინთან შეხვედრას ევროპაში. ჯო ბაიდენი უნდა იყოს მზად, რომ კვლავ უპასუხოს კითხვას „მკვლელის“ შესახებ, რადგან ჟურნალისტი აუცილებლად დასვამს ამ კითხვას, როდესაც ორი ლიდერი ერთად გამოჩნდება. ეს, სულ მცირე, უხერხულ მომენტს შექმნის და თეთრ სახლში, პირველ რიგში, ასეთი შეხვედრის მიზანშეწონილობის საკითხი უნდა დადგეს.
იმის გამო, რომ პუტინს ჯერ არ მოუკლავს ნავალნი და არ დაიწყო სრულმასშტაბიანი თავდასხმა უკრაინაზე, ის არ უნდა შეაქო და არ უნდა მოხსნა ის ბარიერები, რაც პუტინისა და ამერიკის პრეზიდენტის შეხვედრისთვის არის საჭირო. პრეზიდენტობის პირველი კვირის განმავლობაში, ბაიდენი პუტინს ტელეფონით ესაუბრა და ორივე მხარე შეთანხმდა, რომ განახორციელებს NEW START ხელშეკრულებას, რაც იმის დემონსტრირებაა, რომ პუტინთან შეხვედრები არ არის საჭირო სამუშაოს შესასრულებლად.
ბაიდენის ადმინისტრაციამ დემოკრატია და ადამიანის უფლებები საგარეო პოლიტიკის პლატფორმის მთავარ ნაწილად აქცია და ეს მისასალმებელია, მაგრამ ძნელია იმის დანახვა, თუ როგორ ჯდება ბაიდენის შეხვედრა პუტინთან ამ დღის წესრიგში, რუსეთის ლიდერის მიერ ადამიანის უფლებების სასტიკი დარღვევის გათვალისწინებით. ბაიდენმა უნდა დაიცვას დისტანცია - ან თუნდაც გამოიყენოს ხელის უამრავი სანიტაიზერი და ორმაგი ნიღაბი.