LIVE

კონკურენციის სააგენტო: საწვავის გაძვირება გამოწვეულია სავალუტო და საგარეო ფაქტორებით

28 აპრ 202111:35
3 წუთის საკითხავი
clock clock 1287

კონკურენციის ეროვნული სააგენტოს შეფასებით, საავტომობილო საწვავის ბაზარზე კონკურენცია აქტიურია და ფასების ცვლილება გამოწვეულია საბაზრო და საგარეო ფაქტორებით. უწყების ინფორმაციით, საქართველოს ბაზარზე არსებული ტენდენციები რეგიონში საწვავის იმპორტიორი ქვეყნების ბაზარზე არსებულის მსგავსია.

კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, საავტომობილო საწვავის ბაზრის მონიტორინგის ფარგლებში, შუალედურ მიმოხილვა გამოაქვეყნა, რომლის თანახმად, 2021 წლის I-ელ კვარტალში, ქვეყანაში 23 ეკონომიკური აგენტის მიერ განხორციელდა 315 884 ათასი ლიტრი ბენზინისა და დიზელის იმპორტი, რაც 2%-ით აღემატება 2020 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. საწვავის ყველაზე დიდი მოცულობის იმპორტი განხორციელდა რუსეთის ფედერაციიდან - 23.9%, რომელსაც მოყვება თურქმენეთი - 21% და რუმინეთი - 20.2 %. საერთო იმპორტის 44% შეადგინა დიზელის ტიპის საწვავმა, ხოლო 56% ბენზინის. ბენზინის ტიპის საწვავიდან, ყველაზე მოთხოვნად სახეობას წარმოადგენდა რეგულარის მარკის საწვავი, რომლის პროცენტულმა წილმა ბენზინის სახეობებში შეადგინა - 65.4%, ხოლო საერთო იმპორტში - 36.6%.

რაც შეეხება საცალო ფასების ცვლილების დინამიკას, საწვავის მომწოდებელ ქვეყნებში, 2021 წლის I-ელ კვარტალში, ისევე როგორც საქართველოში, საცალო სარეალიზაციო ფასები ზრდის ტრენდით ხასიათდებოდა მომწოდებელ ქვეყნებშიც.

„2021 წლის I-ელ კვარტალი ნედლი ნავთობის და, შესაბამისად, პლატსის ფასის ზრდის ტრენდით გამოირჩეოდა. პლატსის ფასმა 2021 წლის 4 იანვრის 420 დოლარიანი მაჩვენებლიდან, მაქსიმალურ ნიშნულს მიაღწია 12 მარტს - 546 USD, ხოლო 31 მარტის მდგომარეობით 497 USD შეადგინა. ამავე პერიოდში, ეროვნული ვალუტა ამერიკულ დოლართან მიმართებით 4.1%-ით - 13.5 პუნქტით გაუფასურდა, რამაც ასახვა ჰპოვა იმპორტირებული საწვავის ღირებულებასა და შესაბამისად ქვეყანაში საავტომობილო საწვავის საცალო სარეალიზაციო ფასებზე.

2013 წლიდან, ბენზინისა და დიზელის, როგორც იმპორტის, ასევე საბითუმო და საცალო რეალიზაციის ნაწილში, გაზრდილია მოქმედი ეკონომიკური აგენტების რაოდენობა, შემცირებულია ბაზრის კონცენტრაციის ინდექსი, რაც კონკურენტული გარემოს გაუმჯობესების მაჩვენებელია“,- აცხადებს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძე.