მარკეტინგულმა სტარტაპმა Iterable-მა აღმასრულებელი დირექტორი გაათავისუფლა, კომპანიის შიდა განაწესის დარღვევის გამო.
გათავისუფლებული აღმასრულებელი დირექტორის, ჯასტინ ჟუს განცხადებით, მისი გაშვების მთავარი მიზეზი ის იყო, რომ მან 2019 წელს, შეხვედრის დაწყებამდე, მიიღო აშშ-ში არალეგალური პრეპარატი LSD. ჟუმ Bloomberg-ს განუცხადა, რომ მან, ექსპერიმენტის სახით, LSD-ს მიკროდოზა მიიღო, ყურადღების გაძლიერების მიზნით.
კომპანიის თანადამფუძნებლის, ენდრიუ ბონის განცხადებით ჟუს საქციელმა საფრთხე შეუქმნა კომპანიის პროგრესულ განვითარებას. მან ყოფილი დირექტორი დაახასიათა, როგორც "მსოფლიო კლასის ინოვატორი და შემოქმედებითი მოაზროვნე, რომლის ხედვა, კრეატიულობა და ენერგიულობა კომპანიის კულტურის ძირითად ბირთვად დარჩება".
მიუხედავად იმისა, რომ LSD-ს მსგავსი წამლების გამოყენება საკამათო პრაქტიკაა, მას იყენებენ სილიკონის ველის ზოგიერთ კომპანიაში და სამედიცინო წრეებში. სტივ ჯობსმა, Apple-ის გარდაცვლილმა თანადამფუძნებელმა, თავის ბიოგრაფს უთხრა: ”LSD-ის მიღება ჩემთვის დიდი გამოცდილება იყო, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ ჩემს ცხოვრებაში”. ექსტაზის სახელით ცნობილი MDMA ამჟამად აშშ-ის ფარმაცევტიკის მარეგულირებელში III ფაზის ტესტირების ეტაპზეა და გამიზნულია პოსტტრავმული სტრესული აშლილობის სამკურნალოდ.
Iterable 2013 წელს დაარსდა და სწრაფად გაიზარდა. კომპანიამ მოიზიდა ისეთი მომხმარებლები, როგორებიცაა DoorDash და Zillow Group. მისი ინვესტორები არიან Index Ventures, Charles River Ventures და Viking Global Investors. მისი ღირებულება დაახლოებით 2 მილიარდ დოლარს შეადგენს.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: სარა მაკბრაიდი