Facebook-ის, Twitter-ისა და YouTube-ის ხელმძღვანელებისგან ამერიკელი სენატორები დაინტერესდნენ ალგორითმით, თუ როგორ ხდება მომხმარებლის შინაარსის გაზიარება და ხაზგასმა მათ პლატფორმებზე.
სენატის იუსტიციის კომიტეტის კონფიდენციალურობისა და ტექნოლოგიის პანელი ფოკუსირებულია ალგორითმებზე - პროგრამულ კოდებზე, რომლებიც განსაზღვრავს მომხმარებლის მიერ შექმნილი ინფორმაციის ჩვენებას და იმას, თუ ვინ ხედავს მას. პანელი იკვლევს, თუ როგორ აყალიბებენ ფორმულები საჯარო დისკურსს.
სენატის მოსმენა იმ ფონზე იმართება, როდესაც კონგრესი 1996 წლის კომუნიკაციების კანონის 230-ე ნაწილის გადასინჯვას განიხილავს. დებულება იცავს ინტერნეტ კომპანიებს მომხმარებლის მიერ წარმოქმნილი შინაარსისთვის პასუხისმგებლობისგან. ერთ-ერთი ინიციატივის თანახმად, სოციალური მედიის პლატფორმები პასუხისმგებელნი იქნებიან იმაზე, თუ როგორ ხდება შინაარსის განაწილება და გაფართოება ალგორითმების მეშვეობით.
„ვგეგმავ, გამოვიყენო ეს მოსმენა, როგორც შესაძლებლობა, გავეცნო, თუ როგორ მუშაობს ამ კომპანიების ალგორითმები, რა ნაბიჯებია გადადგმული მავნე ალგორითმული გამაძლიერებლის შესამცირებლად და რისი გაკეთება შეიძლება იყოს უკეთესი“,- თქვა დელავერის დემოკრატმა სენატორმა, კრის კუნსმა.
ილინოისის დემოკრატმა სენატორმა, დიკ დურბინმა, სოციალური მედიის კომპანიებს მოუწოდა, მეტი გააკეთონ მავნე შინაარსის პლატფორმებიდან გასაქრობად და ამის დასტურად 6 იანვრის აშშ-ის კაპიტოლიუმზე თავდასხმა მოიყვანა. მისი თქმით, ადგილობრივმა ექსტრემისტებმა ორგანიზება გაუწიეს და დეზინფორმაციას ავრცელებდნენ სოციალური მედიის სხვადასხვა პლატფორმებზე.
მონაწილეებს შორის არიან მონიკა ბიკერტი, Facebook-ის შინაარსის პოლიტიკის ვიცე-პრეზიდენტი, ალექსანდრა ვეიჩი, YouTube-ის მთავრობის საქმეთა და პოლიტიკის დირექტორი ამერიკისა და განვითარებადი ბაზრებისთვის და ლორენ კულტბერტსონი, Twitter-ის აშშ-ის საჯარო პოლიტიკის ხელმძღვანელი.
ბიკერტმა ხაზი გაუსვა, რომ Facebook-ის ტექნოლოგიები უფრო გამჭვირვალედ აქცევს პლატფორმის ალგორითმს, რომ მომხმარებლებმა დაინახონ, რატომ ჩნდება გარკვეული შეტყობინებები მათ სიახლეებში. „ჩვენს ფინანსურ ან რეპუტაციულ ინტერესებში არ შედის ხალხის ექსტრემისტული შინაარსისკენ მოზიდვა“,- თქვა ბიკერტმა.
კულბერტსონმა ხაზი გაუსვა ალგორითმების პოზიტიურ გამოყენებას, განსაკუთრებით მავნე შინაარსის ამოცნობისა და წაშლის შესაძლებლობას. „კონგრესის წევრებისა და სხვა პოლიტიკოსების მიერ ინტერნეტის რეგულირების მომავლის შესახებ მსჯელობისას, მათ კარგად უნდა გაითვალისწინონ, თუ როგორ ხდის ტექნოლოგია და ალგორითმები Twitter-ს უფრო უსაფრთხო ადგილად და აუმჯობესებს გლობალურ ინტერნეტ გამოცდილებას“,- აღნიშნა მან.
ვეიჩის თქმით, YouTube იყენებს ავტომატიზირებულ პროცესს იმ ვიდეოების გამოსავლენად, რომლებიც არღვევს კომპანიის პოლიტიკას. ალგორითმების გამოყენება კი შესაძლებელია სანდო წყაროების პოპულარიზაციისთვის და საეჭვო შინაარსის შესამცირებლად.
როლი, რომელსაც თამაშობენ ალგორითმები ინფორმაციის გაზიარებაში - და დეზინფორმაცია, ახალ მნიშვნელობას იძენს, როდესაც ადამიანები მიმართავენ სოციალურ მედიას, რომ გაერკვნენ და კომენტარი გააკეთონ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა Covid-19, ვაქცინები და ა.შ.
Facebook განახლებული ინტერნეტ-რეგულირების მომხრეა, კონფიდენციალურობის ახალი წესების ჩათვლით. მან ასევე მოითხოვა ზომების მიღება არჩევნების დაცვისა და 230-ე ნაწილის გადასინჯვის მიზნით, რათა მოითხოვონ კომპანიების მეტი გამჭვირვალობა, ანგარიშგების მოთხოვნები და საუკეთესო პრაქტიკის სახელმძღვანელო პრინციპები. ამ კამპანიის ფარგლებში, Facebook ხაზს უსვამს იმას, თუ რამდენად შეიცვალა ინტერნეტი ბოლო 25 წლის განმავლობაში, მას შემდეგ რაც მოქმედი წესები კანონად იქცა.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ანა ეჯერტონი და ილია ბანარესი