აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი, სავარაუდოდ, უკრაინას მაისში ეწვევა. ინფორმაციას CNN უკრაინის სამთავრობო წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
სახელმწიფო მდივნის ვიზიტი აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენისა და მისი რუსი კოლეგის, ვლადიმერ პუტინის შეხვედრამდე გაიმართება.
ის ფაქტი, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია მთავარ დიპლომატს უკრაინაში პოტენციური სამიტის დაწყებამდე რამდენიმე კვირით ადრე გზავნის, აშკარად აჩვენებს, რომ ვაშინგტონი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნის გვერდით დგას და აფასებს მას, როგორც მოკავშირეს.
CNN წყაროზე დაყრდნობით აცხადებს, რომ „ბლინკენის ვიზიტი იქნება შესაძლებლობა ბაიდენსა და ზელენსკის შორის პოტენციური შეხვედრის განსახილველად, როდესაც აშშ-ს პრეზიდენტი ზაფხულში ევროპას ეწვევა“.
ვეტერანმა დიპლომატმა, დენიელ ფრიდმა, რომელიც 1997 წლიდან 2000 წლამდე აშშ-ის ელჩი იყო პოლონეთში, ბლინკენის პოტენციურ ვიზიტს „ძალიან კარგი ნაბიჯი“ უწოდა.
„უკრაინის მიმართ სწორ სტრატეგიას ორი ნაწილი სჭირდება. ერთი მხრივ, დახმარება, რომ მათ კრემლის აგრესიას წინააღმდეგობა გაუწიონ და მეორე მხრივ, აიძულონ შიდა რეფორმების გატარება, რათა უკრაინა არ იყოს რუსული აგრესიისგან დაუცველი კორუმპირებული სახელმწიფო“.