ინდოეთი, რომელიც აშშ-სა და ჩინეთის შემდეგ, ნავთობის მსოფლიოში სიდიდით მესამე მომხმარებელია, ეკონომიკის გახსნის შემდეგ ნავთობზე მოთხოვნის აღდგენის მთავარი მამოძრავებელი უნდა ყოფილიყო. თუმცა, ქვეყანაში ჯანდაცვის დამანგრეველმა კრიზისმა ეს შეუძლებელი გახადა. ამის გამო, ნავთობის მოვაჭრეებიდან დაწყებული, მსოფლიოს უდიდესი მწარმოებლებით დამთავრებული ყველა პანიკაშია.
ინდოეთი ნავთობზე მოთხოვნის ზრდის ერთ-ერთი ნათელი წერტილი იყო ჩინეთთან ერთად, სადაც პანდემია კონტროლს ექვემდებარება და აშშ-სა და დიდი ბრიტანეთთან ერთად, სადაც ფართომასშტაბიანმა ვაქცინაციამ საშუალება მისცა ქვეყნებს ეკონომიკურ საქმიანობა და მოგზაურობა ეტაპობრივად განეახლებინათ. კეთდებოდა პროგნოზები, რომ ინდოეთის მოთხოვნა ნავთობზე სავარაუდოდ, პრე-პანდემიურ დონეზე უფრო მაღალი ან მასთან მიახლოებული იქნებოდა, თუმცა ეს პროგნოზები ახლა გადასინჯვას საჭიროებს.
ინდოეთში დიზელისა და ბენზინის კომბინირებული მოხმარება აპრილში მარტთან შედარებით, სავარაუდოდ, 20%-ით შემცირდება, რადგან დიდ ქალაქებში, როგორიცაა ახალი დელი და მუმბაი, მოძრაობა თითქმის გაჩერებულია.
სახლში დარჩენის მოწოდება სავარაუდოდ, ზიანს მიაყენებს საავტომობილო საწვავზე მოთხოვნას, რომელსაც აქამდე მასობრივი გადაადგილება- საზოგადოებრივი ტრანსპორტით, კერძო მანქანებითა და მოტოციკლებით ხელს უწყობდა. შეზღუდვები ასევე შეეხო სატვირთო მანქანებსა და ავტობუსებს. All India Motor Transport Congress-ის მიხედვით, მათი მუშაობა განახევრდა.
მოთხოვნის შემცირების საპასუხოდ, სავარაუდოდ შემცირდება ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების მუშაობაც, რაც ნედლი მარაგების დაგროვებას გამოიწვევს და სამომავლო შესყიდვებზე მდგომარეობის გამოსწორების შემდეგაც მოახდენს გავლენას.
ამასთან, საწვავზე მოთხოვნაზე გავლენა არ შემოიფარგლება მხოლოდ სამხრეთ აზიის ქვეყნით. ქვეყნები გაერთიანებული სამეფოდან კანადამდე, იწყებენ ინდოეთთან საჰაერო მიმოსვლის აკრძალვას, რაც ასევე გავლენას მოახდენს საავიაციო საწვავის საერთაშორისო მოთხოვნაზე.
ამ საკითხზე ღელავენ მსოფლიოში ნავთობის უდიდესი მწარმოებლებიც. OPEC+ - ის ჯგუფი, რომელიც აერთიანებს ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა საუდის არაბეთი, ერაყი, არაბთა გაერთიანებული საამიროები და რუსეთი, აქამდე, პროდუქციის წარმოების რეკორდული შემცირების შესამსუბუქებლად, ფიქრობდნენ, რომ მოთხოვნის ზრდა ნედლი ნავთობის ფასს გაზრდიდა. ახლა, შეიძლება, ქვეყნები კიდევ ერთხელ დაფიქრდნენ ამაზე.
შუა აღმოსავლეთის მწარმოებლები შესაძლოა, ყველაზე მეტად აღმოჩნდნენ რისკის ქვეშ. ნედლი ნავთობის გადაზიდვას სპარსეთის ყურიდან ინდოეთში ხუთი-ექვსი დღე სჭირდება, ხოლო მექსიკის ყურიდან ხუთი-ექვსი კვირა. ინდოეთის მიერ აშშ-ის მწარმოებლებისგან შეძენის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება ივნისამდე არ იქნება საგრძნობი, თუმცა ახლო აღმოსავლეთიდან მომარაგების შესახებ მიღებული მსგავს გადაწყვეტილებას აპრილის ბოლოდან უკვე საგრძნობი ეფექტი ექნება.
ინდოეთი უკვე ეძებდა საუდის არაბეთის ალტერნატივას, რადგან ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები ფასების გამო გაუარესდა. ნავთობზე მოთხოვნის კოლაფსი მხოლოდ დააჩქარებს ამ პროცესს.
OPEC+- ის ჯგუფი იმედოვნებდა, რომ წარმოება ჩვეულებრივ დონეს ივლისისთვის დაუბრუნდებოდა. ინდოეთში ნავთობზე მოთხოვნის შემცირება ამას უფრო გაართულებს, რაც მათ აიძულებს ან კიდევ ერთხელ შეამცირონ წარმოება ან ნედლი ნავთობის ფასები დააყენონ შემცირების რისკის ქვეშ. ეს კი ჯგუფში არავის აწყობს.
Bloomberg-ის ორიგინალურის სტატიის ავტორი: ჯულიან ლი