LIVE

ნათია თურნავა: მალე ნახავთ, როგორ გაცოცხლდება სამშენებლო სამუშაოები, ბიზნესის აქტივობები

26 აპრ 202115:10
3 წუთის საკითხავი
clock clock 644
ნათია თურნავა: მალე ნახავთ, როგორ გაცოცხლდება სამშენებლო სამუშაოები, ბიზნესის აქტივობები

„განახლებული რეგიონები“ მასშტაბური პროგრამაა, რომელიც ახალ სიცოცხლეს შესძენს თითოეულ მუნიციპალიტეტს,- ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ნათია თურნავას პროგნოზით, ახალი პროგრამა რეგიონებში კერძო სექტორის გააქტიურებასაც გამოიწვევს. 

„ზოგადად ჩვენი ყველა დანარჩენი პროგრამა, იქნება ეს „აწარმოე საქართველოში“, პრივატიზაცია, სოფლის მეურნეობის პროგრამები, ინტერნეტიზაციის თუ რომელიმე სხვა პროგრამა, ასევე გადაეწყობა რეგიონალურ ჭრილში და ჩვენ კონკრეტული აქტივობების, პროექტების და პროგრამების პაკეტები გვექნება შეთავაზებული თითოეული მუნიციპალიტეტისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია ეს ახალი ინიციატივა, თქვენ ძალიან მალე ნახავთ, როგორ გაცოცხლდება სამშენებლო სამუშაოები, კერძო ბიზნესის აქტივობები, რაც ყოველთვის მოჰყვება სახელმწიფო პროგრამებს. სახელმწიფოს მხრიდან ერთი ლარის ხარჯვა მინიმუმ ათი კერძო ლარის დანახარჯს და ინვესტიციას გამოიწვევს და ეს არის ჩვენი რეგიონების აღორძინების ძალიან მნიშვნელოვანი ახალი მორიგი ტალღა. ჩვენი ხელისუფლება ყოველთვის განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებდა სწორედ რეგიონების განვითარებაზე - ინფრასტრუქტურის სამინისტროს ყველა პროექტი, ჩვენი სამინისტრო გაზიფიკაციის პროექტი, ინტერნეტიზაციის პროექტები სწორედ რეგიონალურ ჭრილში იყო გაშლილი და ახლა ამას ასეთი მასშტაბური პროგრამა დაემატება“, - განაცხადა ეკონომიკისა  და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

ცნობისთვის, დღეს მთავრობამ რეგიონების განახლების პროექტი დააანონსა, რომელიც 63 მუნიციპალიტეტში ურბანულ განახლებას გულისხმობს. 4-წლიანი პროგრამის ბიუჯეტი 500 მლნ ლარია.