LIVE

ჩეხეთმა რუსეთს ულტიმატუმი წაუყენა

22 აპრ 202114:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 2357
ჩეხეთმა რუსეთს ულტიმატუმი წაუყენა
Bartek Sadowski/Bloomberg

ჩეხეთის რესპუბლიკამ რუსეთს ულტიმატუმის სახით განუცხადა, რომ თუ რუსეთი არ დააბრუნებს გაძევებულ ჩეხ დიპლომატებს, პრაღაში რუსეთის საელჩოში კადრების მნიშვნელოვანი შემცირება განხორციელდება.

ეს ულტიმატუმი ორ ქვეყანას შორის წარმოქმნილი დიპლომატიური კონფლიქტის ესკალაციაა, რომლის გამოც რუსეთ-ჩეხეთის ურთიერთობამ ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ. მანამდე, ჩეხეთის მთავრობამ რუსეთი დაადანაშაულა 2014 წელს სამხედრო მასალების საწყობის აფეთქებაში.

ეს კონფლიქტი დამატებით დაძაბულობას მატებს კრემლსა და დასავლეთს შორის არსებულ დაპირისპირებას, რომელიც გამწვავდა რუსეთის მიერ უკრაინის საზღვართან სამხედრო ძალების რეკორდული კონცენტრაციით და ოპოზიციური ლიდერის, ალექსეი ნავალნის დაპატიმრებით. რუსეთი უარყოფს ჩეხეთის ბრალდებებს.

„თუ ჩვენს დიპლომატებს არ დააბრუნებენ მოსკოვში, პრაღაში რუსეთის საელჩოში კადრების რაოდენობას ისე შევამცირებთ, რომ ეს მოსკოვში ჩვენი საელჩოს პერსონალის რიცხოვნობას შეესაბამებოდეს”,- განაცხადა ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იაკუბ კულანეკმა.

ჩეხებმა 18 რუსი დიპლომატი გააძევეს, რასაც რუსეთმა სამაგიერო გადაუხადა, მოსკოვიდან ჩეხეთის საელჩოს 20 თანამშრომლის გამოძევებით. მოსკოვში ჩეხეთს ხუთი დიპლომატი და 19 სხვა ტიპის პერსონალი დარჩა. პრაღაში რუსეთის საელჩო 27 დიპლომატისგან და 67 ადმინისტრაციული პერსონალისგან შედგება.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის, მარია ზახაროვას თქმით, რუსეთი არ დათანხმდება ჩეხეთის რესპუბლიკის ულტიმატუმს და ჩეხეთის ელჩს „კონკრეტული საუბრისთვის“ დაიბარებს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: პეტერ ლაცა და ლენკა პოლიკელსკა