LIVE

რუსეთში ნავალნის მხარდამჭერ აქციებზე ათასობით აქტივისტი დააკავეს

22 აპრ 202112:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 628
რუსეთში ნავალნის მხარდამჭერ აქციებზე ათასობით აქტივისტი დააკავეს

რუსეთის ოპოზიციის ლიდერის, ალექსეი ნავალნის მხარდასაჭერად ქვეყნის მასშტაბით ათიათასობით დემონსტრანტი გამოვიდა ქუჩაში. საპროტესტო აქციები რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ყოველწლიური მიმართვის პარალელურად გაიმართა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ და პროკურატურამ რამდენიმე დღით ადრე გააფრთხილა მოსახლეობა, რომ უნებართვო მიტინგების ჩატარების შემთხვევაში „ზომებს“ მიიღებდნენ. დემონსტრანტების დაკავება ჯერ კიდევ საპროტესტო აქციის დაწყებამდე დაიწყო. გაფრთხილებებისა და ძალადობრივი დაკავებების მიუხედავად, ქუჩებში ათიათასობით ადამიანი გამოვიდა.

„ეს არის ნამდვილი რუსეთი - თავისუფალი და უშიშარი“,- დაწერა ალექსეი ნავალნის გუნდმა Twitter-ზე აქციების ფოტოების გამოქვეყნების შემდეგ.

A man holds a poster that reads

სადამკვირვებლო ორგანიზაცია OVD-info-ს ცნობით, ქვეყნის მასშტაბით აქციების 1495 მონაწილე დააპატიმრეს.  სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოებში კარგად ჩანს, როგორ უსწორდებოდა პოლიცია აქციის მონაწილეებს - რეზინის ხელკეტებითა და ელექტროშოკით.

ოპოზიციის ლიდერის ერთ-ერთი მთავარი მოკავშირე, ლუბოვ სობოლი საპროტესტო აქციის დაწყებამდე, მოსკოვის მახლობლად, ტაქსით მგზავრობის დროს, დააკავეს.

საცხოვრებელი კორპუსის შესასვლელთან დააკავეს ალექსეი ნავალნის სპიკერი, კირა იარმიში. ადვოკატების ინფორმაციით, იარმიშს, რომელიც შინაპატიმრობაში იმყოფებოდა და ინტერნეტი არ ჰქონდა, 10 დღიანი პატიმრობა არასანქცირებული ტვიტის გამოქვეყნების გამო მიუსაჯეს.

ამასთან, პოლიციამ გაჩხრიკა ნავალნის ორგანიზაციის ოფისები ეკატერინბურგში და დააკავა მასთან დაკავშირებული ჟურნალისტი ხაბაროვსკში.

Police block the street during the rally in Moscow.Pavel Golovkin/AP

ალექსეი ნავალნის მხარდამჭერების მასობრივ დაკავებას გამოეხმაურა ევროსაბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი.

„სამწუხაროა ალექსეი ნავალნის მომხრეების დაკავება რუსეთში დაგეგმილი საპროტესტო აქციების დროს. ხელისუფლებამ პატივი უნდა სცეს შეკრების უფლებას. მოვითხოვ, ალექსეი ნავალნის გაუწიონ საჭირო და ხარისხიანი სამედიცინო დახმარება და გაათავისუფლონ ციხიდან“,- განაცხადა შარლ მიშელმა.

A woman argues with a police officer in Ulan-Ude, Buryatia, near the Russia-Mongolia borderAnna Ogorodnik/Copyright 2021 The Associated Press. All rights reserved