LIVE

TikTok-ს მილიონობით ბავშვის მონაცემების უკანონო შეგროვებაში ადანაშაულებენ

22 აპრ 202115:15
3 წუთის საკითხავი
clock clock 604
TikTok-ს მილიონობით ბავშვის მონაცემების უკანონო შეგროვებაში ადანაშაულებენ
Bloomberg L.P.

აპლიკაცია TikTok-ს დიდ ბრიტანეთსა და ევროპაში მილიონობით ბავშვის  მონაცემების უკანონო მოპოვებაში ადანაშაულებენ და წლების განმავლობაში დაგროვილი მონაცემების წაშლას სთხოვენ. 

პოპულარულ ვიდეო აპლიკაციას და მისი მშობელ კომპანია ByteDance-ს ბრიტანეთისა და ევროკავშირის მონაცემთა დაცვის შესახებ კანონების დარღვევას ედავებიან.

ინგლისის ბავშვთა ყოფილი ომბუდსმენის, ანა ლონგფილდის სარჩელის მიხედვით, შესაძლოა, 2018 წლის შემდეგ რეგისტრირებული ნებისმიერი ბავშვის მონაცემები, მათი ანგარიშის სტატუსისა და კონფიდენციალურობის პარამეტრების მიუხედავად, ხელმისაწვდომი იყოს მესამე მხარისთვის.

”გასართობი სიმღერების, სახალისო გამოწვევებისა და ტუჩების სინქრონული მოძრაობის ტენდენციების უკან ბევრად უფრო საშინელი რამ იმალება. TikTok-ი არის მონაცემთა შეგროვების სერვისი, რომელიც შეფარულია, როგორც სოციალური ქსელი,”- ამბობს იურისტი.

TikTok-ი მიიჩნევს, რომ ბრალდება უსაფუძვლოა და თავის დაცვას აპირებს.

"კონფიდენციალურობა და უსაფრთხოება TikTok-ის მთავარი პრიორიტეტია. ჩვენ გვაქვს მკაცრი პოლიტიკა და ტექნოლოგიები, რაც ხელს უწყობს ყველა მომხმარებლის და განსაკუთრებით, თინეიჯერების დაცვას”,- ნათქვამია კომპანიის განცხადებაში

კომპანიის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი დეკემბერში შევიდა, თუმცა მის შესახებ დეტალები ცნობილი მხოლოდ ახლა გახდა. თუ საქმე წარმატებით დასრულდება, ბავშვებს კომპენსაციის სახით, ათასობით ფუნტის მიღების უფლება ექნებათ. მოსარჩელეების შეფასებით, მხოლოდ ბრიტანეთში დაზარალებულია 3.5 მილიონზე მეტი ბავშვი, რაც აპლიკაციისთვის დიდ გადასახადს ნიშნავს.

გასულ წელს, ევროკავშირის მონაცემთა დაცვის მარეგულირებელმა პირობა დადო, რომ ჩინურ კომპანიის საქმიანობას შეისწავლიდა და ამ მიზნით, სამუშაო ჯგუფი შექმნა. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ელენ მილიგანი