LIVE

EBRD თურქეთს ევროკავშირის ნახშირბადის გადასახადთან ადაპტირებაში ეხმარება

21 აპრ 202116:16
3 წუთის საკითხავი
clock clock 624
EBRD თურქეთს ევროკავშირის ნახშირბადის გადასახადთან ადაპტირებაში ეხმარება

2021 წლის მეორე ნახევრიდან ევროკომისია გეგმავს წარადგინოს კანონპროექტი ე.წ. ნახშირბადის გადასახადზე (Carbon Border Adjustment Mechanism), რომლის თანახმად ევროკავშირში იმპორტირებული პროდუქტი დამატებით დაიბეგრება იმის მიხედვით, თუ რა მოცულობის ნახშირბადის გაფრქვევას უზრუნველყოფს გარემოში მისი წარმოება. ამ მექანიზმით, ევროკომისია გეგმავს შეამციროს ისეთი პროდუქციის იმპორტი, რომელიც გარემოს მნიშვნელოვან ზიანს აყენებს. 

ეს ნაბიჯი გარდამტეხია, როგორც გლობალური ღირებულებათა ჯაჭვისთვის, ისე კლიმატთან დაკავშირებული პოლიტიკისთვის, რადგან ქვეყნებზე გაძლიერდება ევროკავშირის ზეწოლა, გარემოზე მავნე ზემოქმედების შემცირების თვალსაზრისით.

იმ ქვეყნები, რომლებიც ევროკავშირში ექსპორტს ახორციელებენ, მოუწევთ გაითვალისწინონ მისი ახალი მოთხოვნები იმისთვის, რომ კონკურენტუნარიანობა შეინარჩუნონ ევროკავშირის ბაზარზე. მათ შორის არის თურქეთიც, რომელიც ევროკავშირისთვის სიდიდით მეექვსე სავაჭრო პარტნიორია. 

EBRD-ის თანახმად, ქვეყნის მთავრობა უკვე განიხილავს ევროკავშირის ახალი მექანიზმის შესაძლო გავლენას მის ადგილობრივ წარმოებაზე. თურქეთი მსოფლიო ათეულში შედის რკინის, ფოლადის და ცემენტის წარმოებით. გარდა ამისა, ქვეყანა ევროკავშირისთვის მინის, კერამიკის და პლასტიკის ტოპ 5 მიმწოდებელს შორის არის. 

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი თურქეთს ეხმარება იმ მიზნით, რომ ქვეყანამ შეძლოს და მოერგოს თამაშის შეცვლილ წესებს, თურქი ექსპორტიორების შესაძლო ზარალის გასანეიტრალებლად. კერძოდ, EBRD თურქეთის გარემოს დაცვის სამინისტროს დაეხმარება შეაფასოს ევროკავშირის რეგულაციის გავლენა და გადადგას შესაბამისი ნაბიჯები. კვლევის შედეგები ოფიციალურად ხელმისაწვდომი მიმდინარე წლის შუა პერიოდში გახდება.  

გარდა ამისა, პროგრამა გულისხმობს ნახშირბადის ბაზრის განვითარებასაც იმ მიზნით, რომ წაახალისოს კერძო სექტორი გარემოსდაცვით ინიციატივებში ჩასართავად. პროცესში ჩართულები არიან თურქული ბანკებიც, რომლებიც სპეციალურ მომზადებას გაივლიან იმისთვის, რომ არსებულ და სამომავლო ბიზნეს კლიენტებს ნახშირბადთან დაკავშირებული რისკების მენეჯმენტში დაეხმარონ. 

ამ დრომდე, EBRD-მა უკვე დაუჭირა მხარი თურქეთში არაერთი პროექტის განვითარებას, რომელიც გარემოზე მავნე ზემოქმედებას ამცირებს. მათ შორის, სენას ჰესს, რომელიც მდინარის ბუნებრივ მოდინებაზე მუშაობს და წლიურად 68 გიგავატ განახლებად ენერგიას უზრუნველყოფს. გარდა ამისა, ედინჯიკის ქარის სადგური მარმარილოს ზღვაში, რომელიც 23 ქარის ტურბინას აერთიანებს 180 გიგავატ განახლებად ენერგიას გამოიმუშავებს წლიურად, რაც იმას ნიშნავს, რომ ატმოსფეროს 106,000 ტონა ნახშირბადის დიოქსიდი გამოაკლდება. ამასთან, EBRD-მ ორივე პროექტისგან შეისყიდა ე.წ. "ნახშირბადის კრედიტი" იმ მიზნით, რომ შეემცირებინა სათბური გაზების გაფრქვევის მავნე ზემოქმედება გარემოზე.