2021 წლის მარტში თებერვალთან შედარებით, სასტუმროების ფასების ინდექსი 7.1%-ით გაიზარდა. ამასთან, PMCG-ის კვლევის მიხედვით, ფასები 8.1%-ითაა შემცირებული 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
კვლევის ავტორების თქმით, ფასების რეალური კლება სავარაუდოდ, უფრო მაღალია, იქიდან გამომდინარე, რომ სასტუმროების დიდი ნაწილი არ ოპერირებს და ოფიციალურ ვებ-გვერდებზე არც ფასები აქვთ შეცვლილი.
თავის მხრივ, კერძო სექტორი აღნიშნავს, რომ პანდემიის ფონზე, ფასების კლება ლოგიკურია. იმისათვის, რომ სექტორმა რეალური გამოცოცხლება დაიწყოს, ბიზნესი მთავარ გამოსავალს კომენდანტის საათის ფარგლებში ტურისტებისთვის შეღავათების დაწესებაში, ვაქცინაციასა და სახმელეთო საზღვრების გახსნაში ხედავს.
"კვლევიდან ჩანს, რომ თითქოს 10%-ითაა შემცირებული ფასები, მაგრამ ჩემი პირადი გამოცდილებით და ასევე, სხვაზე დაყრდნობით, ფასები მინიმუმ 30%-ითაა შემცირებული. კარგი იქნებოდა, 21:00 საათის შემდეგ რესტორნის ან სხვა სერვისების გამოყენების შესაძლებლობა. ასეთ შემთხვევაში, ტურისტები ხარჯვას შეძლებენ და ეს ბიზნესისთვისაც წამახალისებელი იქნება",- განაცხადა "კოსტე ჯგუფის" დამფუძნებელმა თამუნა ბაღადავაძემ "ბიზნეს ფორმულასთან" საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ 2020 წელს საქართველომ ტურიზმის შემოსავლებიდან 3 მილიარდამდე დოლარი დაკარგა.