LIVE

თბილისში საცხოვრებელი ბინების გაყიდვები იზრდება

18 აპრ 202116:59
3 წუთის საკითხავი
clock clock 1098
თბილისში საცხოვრებელი ბინების გაყიდვები იზრდება

გასულ თვეში, თბილისში 3,060 ბინა გაიყიდა, რაც წლიურად 32%-იან ზრდაზე მეტყველებს. 2019 წლის მარტთან შედარებით კი ზრდა 20%-ია.

ჯამში, ბაზარმა 23%-იანი ზრდა დააფიქსირა და 132 მილიონ დოლარს მიაღწია.

Colliers Georgia-ს თანახმად, თბილისის ახალაშენებულ პროექტებში 2,021 ტრანზაქცია დარეგისტრირდა, რაც 33%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ხოლო 25%-ით მეტი 2019-თან შედარებით.

"აღნიშნული შესაძლოა დაკავშირებული იყოს ქალაქის მასშტაბით რამდენიმე მშენებარე საცხოვრებელი ობიექტის დასრულებასთან, რაც ჯამში დაახლოებით 170 ერთეულ ბინას მოიცავს. ძველ პროექტებში კი ტრანზაქციების რაოდენობა 30% და 11%-ით გაიზარდა 2020-სა და 2019-თან შედარებით," ნათქვამია კომპანიის მიერ გამოქვეყნებულ მიმოხილვაში.

თბილისში ბინების ტრანზაქციები და ბაზრის ზომა, (მლნ $) მარტი 2021, 2020  და 2019 / Recov.ge

ახალაშენებული ბინების ეკონომ სეგმენტი წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 36%-ით, 2019-თან შედარებით კი 37%-ით გაიზარდა. რაც შეეხება მედიუმ სეგმენტს, ტრანზაქციების რიცხვი 33%-ით გაიზარდა 2020-თან შედარებით, 2019-თან შედარებით კი 9%-ით შემცირდა. პრემიუმ სეგმენტმა კი 2020 და 2019 წლებთან შედარებით, შესაბამისად, 20%-იანი და 17%-იანი კლება განიცადა.

საერთო ჯამში, მიმდინარე წლის პირველმა კვარტალმა ბინებზე 7,738 ტრანზაქცია დააფიქსირა, რაც წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით 4%-ით, ხოლო 2019 წელთან შედარებით 6%-ით მეტია. რაც შეეხება ბაზრის ზომას, 2020 წლის პირველ კვარტალთან შედარებით 2%-იანი, ხოლო 2019-ის პირველ კვარტალთან - 4%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

ამასთან, პირველ კვარტალში, ბინების საშუალო შეწონილ ფასს მნიშვნელოვანი ცვლილება არ განუცდია. 2020 წლის პირველ კვარტლათან შედარებით ახალი ბინების საშუალო შეწონილი ფასი მხოლოდ 2%-ით შემცირდა, 2019 წელთან შედარებით კი 1%-ით. რაც შეეხება ძველ ბინებს, მაჩვნებელი 2% და 4%-ით შემცირდა 2020 და 2019 წლების პირველ კვარტალთან შედარებით.