LIVE

სინგაპური საზოგადოებას კრიპტოვალუტით ვაჭრობის რისკებზე აფრთხილებს

19 აპრ 202122:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 777
სინგაპური საზოგადოებას კრიპტოვალუტით ვაჭრობის რისკებზე აფრთხილებს
Bloomberg

სინგაპურმა კიდევ ერთხელ გააფრთხილა საზოგადოება კრიპტოვალუტით ვაჭრობის რისკების შესახებ.

როგორც სინგაპურის ცენტრალური ბანკის (MAS) თავმჯდომარემ, თარმან შანმუგურატნამ განაცხადა, "კრიპტოვალუტა შეიძლება ძალიან არასტაბილური იყოს, რადგან მათი ღირებულება, როგორც წესი, არ უკავშირდება არცერთ ეკონომიკურ საფუძველს. შესაბამისად, ისინი ძალიან სარისკოა, როგორც საინვესტიციო პროდუქტები და, რა თქმა უნდა, არ არის შესაფერისი საცალო ინვესტორებისთვის.”

მისი თქმით, კრიპტოვალუტის ფონდები არ არის გახსნილი საცალო ინვესტორებისთვის. თარმანის განცხადებით, სინგაპურის ცენტრალურ ბანკს აქვს უფლებამოსილება, დააწესოს დამატებითი ზომები ციფრული მონეტების სერვისის მიმწოდებლებისთვის.

თარმანმა კომენტარი მას შემდეგ გააკეთა, რაც კრიპტოვალუტის მთლიანმა საბაზრო ღირებულებამ პირველად გადააჭარბა 2 ტრილიონ დოლარს და ინსტიტუციური მოთხოვნის ფონზე, დაახლოებით ორ თვეში გაორმაგდა.

სინგაპურში კრიპტოვალუტით ვაჭრობა აქციებთან და ობლიგაციებთან შედარებით, კიდევ მცირეა. ბიტკოინის, ეთერიუმისა და XRP-ის კომბინირებული პიკური დღიური სავაჭრო მოცულობა, მთავარ საფონდო ბირჟაზე, ფასიანი ქაღალდების საშუალო დღიური სავაჭრო მოცულობის მხოლოდ 2%-ს შეადგენს.

თარმანი არ არის ერთადერთი მარეგულირებელი, რომელიც სიფრთხილით გამოირჩევა ინდუსტრიის მიმართ. ევროკავშირის დამკვირვებელმა ორგანიზაციამ ცოტა ხნის წინ გააფრთხილა ინვესტორები ბიტკოინთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი რისკების შესახებ.

თარმანის თქმით, სინგაპურის ხელისუფლებამ გააძლიერა ძალისხმევა ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკებთან საბრძოლველად, რაც კრიპტოვალუტებთან არის დაკავშირებული.

გატარებულ ღონისძიებებს შორის, MAS-მა გაზარდა კრიპტო სექტორის მეთვალყურეობა საეჭვო ქსელებისა და მაღალი რისკის შემცველი აქტივობების დასადგენად. MAS-ი ასევე აგრძელებს ინფორმაციის გავრცელებას ციფრული აქტივების ინვესტიციის რისკების შესახებ, რათა ხალხს დაეხმაროს თავიდან აიცილონ თაღლითობა.

”კრიპტო აქტივების სივრცე მუდმივად ვითარდება. MAS-ი ყურადღებით აკვირდება განვითარებულ მოვლენებს და საჭიროებისამებრ განაგრძობს თავისი წესების ადაპტირებას, რათა უზრუნველყოს, რომ რეგულაცია დარჩეს ეფექტური და რისკებთან შესაბამისობაში. ინვესტორებმა განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ კრიპტოვალუტით ვაჭრობის დროს”,- ამბობს თარმანი.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ჯოანა ოსინგერი