LIVE

სავარაუდოდ, ევროკავშირი სამომავლოდ AstraZeneca-სა და J&J-ს აღარ გამოიყენებს

16 აპრ 202115:10
3 წუთის საკითხავი
clock clock 6422
სავარაუდოდ, ევროკავშირი სამომავლოდ AstraZeneca-სა და J&J-ს აღარ გამოიყენებს
Alessia Pierdomenico/Bloomberg

მაღალი ალბათობით, ევროკავშირი აღარ განაახლებს ხელშეკრულებებს AstraZeneca-თან და Johnson & Johnson-თან Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების მიმართულებით, რადგან პრიორიტეტი სხვა ტიპის ვაქცინებს მიენიჭებათ.

ეს ინფორმაცია, მიმდინარე კვირას, ევროკომისიის განცხადების შემდეგ გახდა ცნობილი, სადაც აღინიშნა, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკებები კომპანია Pfizer-თან, BioNTech-თან და Moderna-თან 2023 წლამდე 1,8 მილიარდი დოზის შეძენის თაობაზე.

Pfizer-ის ვაქცინა mRNA ტექნოლოგიას ეფუძნება, რაც პერსპექტიულ და პრიორიტეტულ მიმართულებად მიიჩნევა, ხოლო AstraZeneca-სა და Johnson & Johnson-ის ვაქცინები განსხვავებულ ტექნოლოგიას იყენებენ.

კომპანია Pfizer-ი, მეორე კვარტალში, აჩქარებს ევროკავშირისთვის ვაქცინების მიწოდებას და ის სტაბილურ მიმწოდებლად მიიჩნევა AstraZeneca-სგან განსხვავებით. აღსანიშნავია, რომ ვაქცინასა და თრომბის განვითარების იშვიათი შემთხვევების შესაძლო კავშირის გამო, ევროპის ქვეყნების ნაწილმა AstraZeneca-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენება გარკვეულ ასაკობრივ ჯგუფებში შეზღუდა, ხოლო აშშ-მა Johnson & Johnson-ის გამოყენება დროებით შეაჩერა. დიდი ბრიტანეთისა და ევროპის წამლის მარეგულირებელი ორგანოები, ასევე “მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაცია” AstraZeneca-ს ვაქცინაზე უარის თქმას გაუმართლებლად მიიჩნევს და განმარტავს, რომ მისი სარგებელი შესაძლო რისკებს აღემატება.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ფერგალ ო’ბარიანი და ჯეიმს გედანი