LIVE

ნორვეგია AstraZeneca-ს გამოყენების შეწყვეტას განიხილავს

15 აპრ 202122:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 574
ნორვეგია AstraZeneca-ს გამოყენების შეწყვეტას განიხილავს
Bloomberg L.P.

ნორვეგიის ჯანდაცვის უმაღლესი ორგანო ქვეყნის მთავრობას AstraZeneca-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენების შეწყვეტის რეკომენდაციით მიმართავს, რადგან მიიჩნევს, რომ აცრის შედეგად, თრომბის განვითარების რისკი მიუღებელია.  

ნორვეგიის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი აცხადებს, რომ ახლა მას უკვე აქვს საკმარისი ინფორმაცია ვაქცინასა და თრომბოციტების ნაკლებობას, სისხლის კოლტების წარმოქმნასა და სისხლდენის ძალიან იშვიათ და სერიოზულ შემთხვევებს შორის კავშირის შესახებ. 

თუმცა, ნორვეგიის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის განცხადების მიუხედავად, ქვეყნის მთავრობას ოფიციალური გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.

ნორვეგიამ AstraZeneca-ს გამოყენება 11 მარტს დროებით შეაჩერა და მისი გვერდითი მოვლენების შესწავლა ადგილობრივ მარეგულირებელ ორგანოს დაავალა.

ნორვეგიის ჯანდაცვის უწყების განცხადებას წინ უძღოდა დანიის მთავრობის გადაწყვეტილება. დანია გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც AstraZeneca-ს ვაქცინა მოხმარებიდან ამოიღო.

როგორც ევროპის, ისე დიდი ბრიტანეთის წამლის მარეგულირებელმა ორგანოებმა განაცხადეს, რომ მათ ვაქცინასა და თრომბების განვითარებას შორის შესაძლო კავშირი დაადგინეს, თუმცა აღნიშნავენ, რომ მისი გამოყენების სარგებელი რისკებს გადაწონის. დასავლეთ ევროპის ქვეყნების უმეტესობაში ვაქცინის გამოყენება გარკვეულ ასაკობრივ ჯგუფებში აღდგა, ხოლო აღმოსავლეთ ევროპაში მას დიდწილად შეზღუდვების გარეშე იყენებენ.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: სტივენ ტრელოარი