LIVE

ფერმერები მარწყვის რეალიზაციის და ფასის კლებას ელიან

14 აპრ 202118:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 1517

ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვებისა და შესაძლო მორიგი ლოქდაუნის ფონზე, ფერმერები მარწყვის რეალიზაციის შემცირებას აანონსებენ. რეალიზატორები აღნიშნავენ, რომ თურქული ლირას მერყეობამ და მარწყვზე მოთხოვნის შემცირებამ ფასზე უკვე იმოქმედა. 

"გადაადგილების პრობლემა გვექმნება. ტრანსპორტი რომ დაიტვირთება, ბაზარს დილის 06:00 საათზე უნდა მივაწოდოთ და თუ კომენდანტის საათი იქნება, ამას ვერ შევძლებთ. ამასთან, თუ არ იმუშავებს საკონდიტროები, რესტორნები, წარმოებები გაჩერდება, რომლებიც ჩვენს პროდუქციას მოიხმარენ, მოთხოვნის კლება ფასსაც დაბლა დაწევს და რეალიზაციაც შემცირდება",- აცხადებს "ბიზნეს ფორმულასთან" ფერმერი მალხაზ ფურცელაძე.

გარდა ამისა, ფერმერებისთვის დაბრკოლებაა დარგში კვალიფიციური კადრების ნაკლებობა, რადგან რეალიზატორების უმრავლესობამ კენკროვანი მცენარეების მოყვანა და მოვლა არ იცის. შესაბამისად, უცხოურ ბაზარზე პროდუქციის გატანა ჭირს. 

აღსანიშნავია, რომ 2016 წლიდან საქართველო ყოველწლიურად 718 ტონა იმპორტირებულ მარწყვს მოიხმარდა, 2019 წელს კი იმპორტი 930 ტონამდე გაიზარდა, რაც მარწყვის მთლიანი მოხმარების 48%-ს შეადგენს. 2020 წელს კარანტინის, დახურული საზღვრებისა და მოხმარების შემცირების ფონზე, იმპორტმაც იკლო, თუმცა,  საქართველო ამ პროდუქტის კუთხით იმპორტზე სულ უფრო დამოკიდებული ხდება, ხოლო ადგილობრივი წარმოება კვლავ მცირდება.