LIVE

18 აპრილს Wizz Air საქართველოდან ფრენებს ანახლებს

13 აპრ 202120:33
3 წუთის საკითხავი
clock clock 1364
18 აპრილს Wizz Air საქართველოდან ფრენებს ანახლებს

საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას ინფორმაციით, დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია Wizz Air-თან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ფრენების განახლებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა. შედეგად, 18 აპრილს Wizz AIR ვარშავისა და ვილნიუსის მიმართულებით ქუთაისიდან რეგულარული რეისების განახლებას დაიწყებს.

აეროპორტების გაერთიანების ცნობით, თავდაპირველად რეისები კვირაში ერთი სიხშირით შესრულდება, ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით კი სამომავლოდ სიხშირეების ზრდა იგეგმება. მაისიდან კი ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია ქუთაისიდან რეგულარული ფრენების განახლებას რიგისა და დორტმუნდის მიმართულებით დაიწყებს. ხოლო, ივნისიდან, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ეტაპობრივად განახლდება პირდაპირი ფრენები ევროპის კიდევ 13 მიმართულებით.

შეგახსენებთ, საჰაერო გზით, უცხო ქვეყნის მოქალაქეს, საქართველოს საჰაერო საზღვრის კვეთა PCR ტესტის ნეგატიური პასუხით, ან საზღვარზე კოვიდვაქცინის სრული კურსის ჩატარების (ორი დოზა) დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენით შეუძლიათ. რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეებს, ლიეტუვის სახელმწიფოში შესვლისას, იმ პირობების გარდა, რასაც ქვეყნის მთავრობა ითხოვს, გამგზავრებამდე აუცილებლად შევსებული უნდა ჰქონდეთ სპეციალური PLF ფორმა. პოლონეთის მთავრობა მგზავრებისთვის წინასწარი რეგისტრაციის შესავსებ სპეციალურ ფორმას არ ითხოვს.