LIVE

მარტში ჩინეთის ექსპორტი 30.6%-ით გაიზარდა

14 აპრ 202110:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 505
მარტში ჩინეთის ექსპორტი 30.6%-ით გაიზარდა
Bloomberg

მარტში ჩინეთის სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა, რაც იმის ნიშანია, რომ Covid-19 პანდემიის შემდეგ გლობალური აღდგენა კარგად მიმდინარეობს.

კერძოდ, მარტში ჩინეთიდან ექსპორტი დოლარში, გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, 30,6%-ით გაიზარდა, რაც უფრო დაბალია, ვიდრე Bloomberg-ის ეკონომისტების გამოკითხვის 38%-იანი მაჩვენებელი. ქვეყნის იმპორტი კი 38.1%-ით გაიზარდა, რაც მოლოდინებს აჭარბებს. დადებითმა სავაჭრო ბალანსმა თვის განმავლობაში 13.8 მილიარდი დოლარი შეადგინა.

ჩინეთმა პანდემიის დროს სამედიცინო საქონელსა და ტექნოლოგიურ აღჭურვილობაზე გაზრდილი გლობალური მოთხოვნით განსაკუთრებით ისარგებლა. უკანასკნელი მონაცემებით, თებერვალში რეკორდული მიღწევების შემდეგ, ექსპორტის იმპულსი ძლიერი დარჩა, რაც იმის ნიშანია, რომ გლობალური აღდგენა მსოფლიოს მეორე ყველაზე მსხვილ ეკონომიკაში, მოთხოვნის ზრდას ხელს უწყობს.

მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციამ (The World Trade Organization) გასულ თვეში გლობალური ვაჭრობის ზრდის პროგნოზი 2021 წლისთვის 8%-მდე გაზარდა, რაც გამართლების შემთხვევაში, 2010 წლის შემდეგ ყველაზე სწრაფი ზრდის ტემპი იქნება.

”ექსპორტის მოლოდინების გადაჭარბებული შესრულება ჩინეთის ეკონომიკურ აღდგენაში კვლავ თემატურია”,- აცხადებს პეიკიან ლიუ, Natwest Markets-ის ეკონომისტი Bloomberg TV-სთვის მიცემულ ინტერვიუში და აღნიშნავს, რომ ეს განპირობებულია გაზრდილი გლობალური მოთხოვნით და ჩინეთის როლით გლობალური მიწოდების ჯაჭვში

იმპორტის ზრდა კი, მეორე მხრივ, ძლიერ საშინაო აქტივობას და საქონლის ფასების ზრდას ასახავს, რაც ჩინეთის გასული წლის პანდემიის გაჯანსაღების შემდგომ ნიშნებს წარმოადგენს. სავარაუდოდ, მონაცემები აჩვენებს, რომ ქვეყნის ეკონომიკა პირველ კვარტალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რეკორდული 18.5%-ით გაიზარდა

ანალიტიკოსები ყურადღებით აკვირდებიან, შეუძლია თუ არა ჩინეთს ექსპორტის ზრდის შენარჩუნება, რადგან პანდემიასთან დაკავშირებულ საქონელზე მოთხოვნა მცირდება, ამასთან, სხვა ქვეყნებში მსგავსი პროდუქციის წარმოება იზრდება. Societe Generale-ის ეკონომისტები ასევე აღნიშნავენ, რომ წლის მეორე ნახევარში მომხმარებლებმა შეიძლება საქონლის ნაცვლად მომსახურებაზე ხარჯვაზე გადაინაცვლონ, ეს ცვლილება კი, შესაძლოა, ჩინეთის ექსპორტზე აისახოს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატია