LIVE

საქართველოს პარლამენტი ფერმერული მეურნეობების შესახებ კანონპროექტზე იწყებს მუშაობას

13 აპრ 202118:26
3 წუთის საკითხავი
clock clock 824

პარლამენტი ფერმერული მეურნეობების შესახებ კანონპროექტზე მუშაობას იწყებს. დოკუმენტი სოფლის მეურნეობის დარგში გარკვეულ წამახალისებელ მექანიზმებსა და საგადასახადო შეღავათებს გაითვალისწინებს. მათ შორის, აგროტურიზმის ხელშეწყობის მიმართულებით.

პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ნინო წილოსანის ინფორმაციით, კანონი ფერმერული მეურნეობების შესახებ განმარტავს ისეთი ტერმინებს, როგორებიცაა ბიომეურნეობა, ფერმერი, ფერმერული მეურნეობა. ნინო წილოსანი მიიჩნევს, რომ კანონპროექტით გათვალისწინებული შეღავათები მწარმოებლებს ადგილობრივი პროდუქციის გამოყენების მეტ სტიმულს მისცემს.

„ფერმერებისთვის, ამ დრომდე, აქტუალურია დღგ-სთან, საშემოსავლო გადასახადთან დაკავშირებული საკითხები. კონსულტაციებს დავიწყებთ, რომ ამ კანონში კონკრეტული საგადასახადო შეღავათები აისახოს იმ ფერმერებისთვისაც, რომლებიც თავიანთ პროდუქციას აგროტურისტულ სექტორს მიაწვდიან“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.

მისივე ინფორმაციით, ფერმერული მეურნეობების შესახებ კანონის ინიცირება პარლამენტში წლის ბოლომდე იგეგმება.