LIVE

გერმანია ლოქდაუნისთვის ემზადება

13 აპრ 202113:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 477
გერმანია ლოქდაუნისთვის ემზადება

გერმანიაში, სავარაუდოდ, დღეს დაამტკიცებენ კანონს, რომელიც ქვეყნის მასშტაბით Covid-19-ის გავრცელების თავიდან ასაცილებლად რეგულაციებს განსაზღვრავს.  

კანონპროექტი ცხელ წერილებში სავალდებულო მკაცრი შეზღუდვების დაწესებას, მათ შორის, ღამის კომენდანტის საათს, სკოლების და მაღაზიების ნაწილის დაკეტვას ითვალისწინებს.

არსებული კანონმდებლობის განახლების საჭიროება მას შემდეგ დადგა, რაც გერმანიის 16 რეგიონიდან რამდენიმემ, ინფიცირების შემთხვევების ზრდის მიუხედავად, ხელისუფლებასთან შეთანხმებული შეზღუდვების დაწესება ვერ მოახერხა. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე, ახალი შეზღუდვების დაწესებას ერიდებიან. მათ ნაწილს კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის საჭიროებაში ეჭვი შეაქვს. 

გერმანიის ფინანსთა მინისტრისა და ვიცე-კანცლერის, ოლაფ შოლცის თქმით, კანონით გათვალისწინებული შეზღუდვები, ვაქცინაციის პროცესის პარალელურად, ქვეყანას ზაფხულში პანდემიის დაძლევის საშუალებას მისცემს.

”ეს არის რეგულაციები, რომლებიც აუცილებელი, სწორი და ადვილად გასაგებია”,- ამბობს შოლცი.

კანონპროექტი დასამტკიცებლად პარლამენტის ორივე პალატის მხარდაჭერას საჭიროებს.

მერკელის კაბინეტი, ასევე, განიხილავს რეგულაციას, რომელიც დამსაქმებლებს თანამშრომლების ტესტირებას მოსთხოვს. აქამდე ეს კომპანიების სურვილზე იყო დამოკიდებული. თანამშრომელთა ტესტირებას კომპანიების დაახლოებით 60% მიმართავდა. რეგულაცია კერძო და საჯარო დაწესებულებებს შეეხება და კომპანიებს ტესტებში ფულის გადახდა თავად მოუწევთ. მთავრობა აღნიშნულს პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში შეტანილ წვლილად მიიჩნევს.

გერმანიაში ვაქცინაციის მიუხედავად, ინფიცირების შემთხვევების რიცხვი იზრდება. დღევანდელი მონაცემებით, ქვეყანაში 100 000 მოსახლეზე 140.9 ინფიცირებული მოდის, რაც გასული სამი თვის მანძილზე რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: იაინ როჯერსი