LIVE

24 საათში ისრაელში დასაქმების მიზნით 760 მოქალაქე დარეგისტრირდა

13 აპრ 202111:15
3 წუთის საკითხავი
clock clock 1524
24 საათში ისრაელში დასაქმების მიზნით 760 მოქალაქე დარეგისტრირდა

ამ დროისთვის, ისრაელში ლეგალურად დასაქმების მიზნით რეგისტრაცია საქართველოს 760-მა მოქალაქემ გაიარა. ამის შესახებ „ბიზნეს ფორმულას“ დასაქმების სააგენტოში განუცხადეს.

ისრაელში ლეგალურ დასაქმებაზე საქართველოს მოქალაქეების რეგისტრაცია 12 აპრილიდან დაიწყო და მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება.

ისრაელის შრომის ბაზარზე, საქართველოს მოქალაქეები დროებით ლეგალურ დასაქმებას 1 წლით, ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებებში, დამხმარე მუშაკის პოზიციაზე შეძლებენ. 

რაც შეეხება პირობებს და კრიტერიუმებს, წლის ბოლომდე ისრაელში საქართველოს 1000 მოქალაქის დასაქმება იგეგმება, რომლებიც კვირაში 42 საათიანი სამუშაო გრაფიკით, ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებებში დამხმარე მუშაკის პოზიციაზე, თვეში ანაზღაურების სახით 1600 აშშ დოლარს მიიღებენ.

ამასთან, დასაქმების მსურველი უნდა აკმაყოფილებდეს  შემდეგ კრიტერიუმებს:

  • დამთავრებული უნდა ჰქონდეს საშუალო სკოლა;
  • უნდა ჰქონდეს სახელმწიფოს მიერ აღიარებული სახლის პირობებში გასაწევი სამედიცინო დახმარება/მოვლის ტრენინგის გავლის დამადასტურებელი დიპლომი/სერტიფიკატი ან ექთნის/ექთნის თანაშემწის დიპლომი;
  • საკომუნიკაციო დონეზე უნდა იცოდეს ინგლისური ან რუსული.  

რაც შეეხება ზოგად მოთხოვნებს, ისრაელში დასაქმების მსურველი უნდა იყოს 25-დან 45 წლამდე საქართველოს მოქალაქე; არა ნაკლებ 1.5 მეტრი სიმაღლის და არა ნაკლებ 45 კგ. წონის; ფიზიკურად და ფსიქიკურად ჯანმრთელი; ნასამართლეობის არ მქონე; ისრაელში მუშაობის ისტორიის არ მქონე; არასდროს უცხოვრია ისრაელში უნებართვოდ; არ უნდა ჰყავდეს მშობლები, მეუღლე, შვილები, რომლებიც მუშაობენ ან ცხოვრობენ ისრაელში; ამასთან, კანდიდატმა უნდა განაცხადოს თანხმობა რომ ისრაელში შესვლამდე გაიაროს COVID-19-ის ტესტი საქართველოში; კანდიდატი თანახმა უნდა იყოს ისრაელში ჩასვლის შემდეგ COVID-19-ის  ვაქცინაციაზე, რომელიც აუცილებელია ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებაში სამუშაოდ ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს მოქმედი რეგულაციების შესაბამისად, რაც აღნიშნული მოიცავს COVID-19 ვაქცინაციის 2 დოზის ჩატარებას, 3 კვირის შუალედით.