დაფიქრების დროა იმაზე, თუ როგორ აღდგეს გაუფასურებული ნდობა,- ამის შესახებ ISET-ის ეკონომისტის ბლოგშია აღნიშნული, რომელიც ქვეყანაში ნდობის ინფლაციას შეეხება.
ISET-ი საზოგადოებაში ნდობის ინფლაციის ნიშნებზე მიუთითებს და ხაზს უსვამს ნდობის მნიშვნელობას, რათა ქვეყანამ გადალახოს ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური კრიზისი ხანგრძლივი ან სამუდამო მძიმე დანაკარგების გარეშე და ეფექტურად გამოიყენოს ადგილობრივი თუ გლობალური შესაძლებლობები და რესურსები პოსტ-პანდემიურ პერიოდში.
„სოციალურ კაპიტალი და საზოგადოებაში არსებული ნდობის ხარისხი უდიდეს გავლენას ახდენს პოლიტიკური კულტურის ფორმირებასა და მის ფასეულობებზეც. მაღალი სოციალური კაპიტალის მქონე ქვეყნებში მთავრობა მეტად არის ანგარიშვალდებული მოსახლეობის მიმართ და მეტად „ემორჩილება“ საზოგადოების ფასეულობებსა და განწყობას. მაღალი სოციალური კაპიტალისა და ნდობის ფაქტორის მქონე კულტურაში უფრო ეფექტურია თანამშრომლობა ფორმალურ და არაფორმალურ ინსტიტუტებს შორის – მთავრობა, პარლამენტი, უნივერსიტეტები და კვლევითი ინსტიტუტები, არასამთავრობოები, პროფესიული კავშირები და კლუბები, კერძო კომპანიები, ეკლესია, საზოგადოებრივი ავტორიტეტები – მათ აზრთა ხშირი სხვაობების მიუხედევად შესწევთ უნარი, ითანამშრომლონ საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე. ეს არაეფექტურია ან სრულიად არ ხდება დაბალი საზოგადოებრივი კაპიტალის მქონე საზოგადოებაში.
ეს თემა ჩვენთვის ძალიან აქტუალურია დღეს – პოსტ-პანდემიურ პერიოდში რეგიონული თუ გლობალური კონკურენტუნარიანობის გადათამაშებას ქვეყნისათვის სარგებლის მოტანა შეუძლია“,- აღნიშნავს ბლოგის ავტორი და მიუთითებს, რომ ნდობის ამაღლებას არც თუ ისე იოლია და დროს, მონდომებასა და დამსახურებას მოითხოვს.
„კრიზისიდან გამოსასვლელად გვჭირდება ნდობა ვაქცინისადმი, რომ მივაღწიოთ საზოგადოებრივი იმუნიტეტის გამომუშავებას და დავამარცხოთ პანდემია. ხალხის ნდობა მთავრობისადმი და პოლიტიკური პროცესისადმი. ნდობა პოლიტიკურ აქტორებს შორის, რათა გამოვიდეთ პოლიტიკური კრიზისიდან. ნდობა მეცნიერული მტკიცებულებებისადმი, არამარტო ვაქცინის შემთხვევაში, არამედ რომ თუნდაც კლიმატის ცვლილება რეალურია და პოსტ-პანდემიური ეკონომიკის აღდგენაში მწვანე პოლიტიკა აუცილებლად გასათვალისწინებელია. ნდობა ინვესტორების მხრიდან ქვეყნისადმი, რომ შემოვიდეს ინვესტიციები და დაეხმაროს ეკონომიკის აღდგენას“,- აღნიშნულია ბლოგში.