LIVE

IMF-მა საქართველოს ეკონომიკური რეფორმის პროგრამის მერვე მიმოხილვა დაასრულა

12 აპრ 202117:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 1066
IMF-მა საქართველოს ეკონომიკური რეფორმის პროგრამის მერვე მიმოხილვა დაასრულა

9 აპრილს საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ საქართველოს ეკონომიკური რეფორმის პროგრამის მერვე მიმოხილვა დაასრულა, რომელსაც IMF-ი „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის“ ფარგლებში 4 წლიანი დაფინანსებით უჭერს მხარს. აღნიშნული პროგრამის ბოლო მიმოხილვაა და მისი დასრულებისას საქართველოსთვის ხელმისაწვდომი გახდება 78 მილიონი SDR (დაახლოებით $111 მილიონი აშშ დოლარი). ამ ტრანშის შემდეგ, საქართველოს მთლიანი ჩამორიცხვები 484 მილიონი SDR (დაახლოებით $687 მილიონი აშშ დოლარი) იქნება.

IMF-ი ელის, რომ საქართველოს ეკონომიკა ზრდას 2021 წლის მეორე კვარტლიდან განაახლებს და წლის განმავლობაში მშპ 3.5 პროცენტით გაიზრდება.

ამასთან, IMF-ი მიუთითებს, რომ გაზრდილი სახელმწიფო ვალი და მნიშვნელოვანი პირობითი ვალდებულებები, სანდოობის შესანარჩუნებლად ფისკალური წესის დაცვას განსაკუთრებულ მნიშვნელობას სძენს. ფისკალური რისკების პროაქტიული მონიტორინგი კვლავ არსებითია და სახელმწიფო საწარმოების რეფორმის გატარება ხელს შეუწყობს ამ რისკების კონტროლსა და შემცირებას.

IMF-ი მიუთითებს, რომ თუკი საგარეო სექტორიდან მომდინარე ზეწოლა შენარჩუნდება, შესაძლოა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემდგომი ზრდა გახდეს საჭირო.

„პოლიტიკის განაკვეთის ბოლოდროინდელი ზრდა ინფლაციის მოლოდინების ზრდას უკავშირდება, იმ ფონზე, რომ ინფლაცია მის მიზნობრივ დონეს მეტნაკლებად ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე აღემატება. თუკი საგარეო სექტორიდან მომდინარე ზეწოლა შენარჩუნდება, შესაძლოა პოლიტიკის განაკვეთის შემდგომი ზრდა გახდეს საჭირო. მთლიანობაში, ინფლაციის თარგეთირების ჩარჩო, მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმთან ერთად, საქართველოს კარგ სამსახურს უწევს და ბაზრის გაუმართავი მუშაობის თავიდან ასაცილებლად მიმართული სავალუტო ინტერვენციები უნდა გაგრძელდეს“,-აღნიშნულია IMF-ის მიერ გავრცელებულ პრეს რელიზში.

სავალუტო ფონდის შეფასებით, გონივრულ მაკროეკონომიკურ პოლიტიკასთან ერთად, მდგრადი და ინკლუზიური აღდგენის პროცესისთვის აუცილებელია სტრუქტურული რეფორმების გაგრძელება. მოკლევადიან პრიორიტეტებში შედის გადახდისუუნარობის ჩარჩოს კანონმდებლობის ამუშავება COVID-19 შოკის შედეგებთან გასამკლავებლად და განათლების რეფორმა.