LIVE

დონბასში ესკალაციის ფონზე, კრემლი ნორმანდიის ფორმატს აკრიტიკებს

09 აპრ 202120:10
3 წუთის საკითხავი
clock clock 1245
დონბასში ესკალაციის ფონზე, კრემლი ნორმანდიის ფორმატს აკრიტიკებს
Reuters

მოსკოვს არ სურს განაგრძოს მოლაპარაკებები ნორმანდიის ოთხმხრივი ფორმატით, სადაც რუსეთსა და უკრაინას შორის შუამავლები გერმანია და საფრანგეთი არიან. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილემ, იგორ ჟოვკვამ განაცხადა.

„როგორც კი ფრონტის ხაზზე ვითარება გამწვავდა, ჩვენ დაუყოვნებლივ მოვითხოვეთ მოლაპარაკება ნორმანდიის ფორმატში. კრემლმა ამაზე უარი თქვა. ახლა ვიმეორებ, დაგეგმილია მოლაპარაკებები გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერებთან“,- განაცხადა ჟოვკვამ და დასძინა, რომ კრემლს არ სურს ნორმანდიის ოთხმხრივი ფორმატის გაგრძელება.

„ეს არის რუსეთი. როდესაც ოთხი ლიდერი ზის, ყველას ესმის ერთმანეთის პოზიცია. ასეთ სამიტებზე ჩვენ ღიად მხარს გვიჭერენ გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერები. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს არ სიამოვნებს ამის მოსმენა, რადგან რუსეთს არაფერი აქვს სათქმელი",- აღნიშნა მან. 

ანგელა მერკელმა, ემანუელ მაკრონმა და ვლადიმერ პუტინმა მარტის ბოლოს დონბასში ვითარება ვლადიმერ ზელენსკის მონაწილეობის გარეშე განიხილეს. რუსეთის ლიდერმა პროვოკაციების მოწყობაში უკრაინა დაადანაშაულა.

ამის შემდეგ, 1 აპრილს, რუსეთმა უარყო ცეცხლის შეწყვეტის მოთხოვნა დონბასში სამმხრივი საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაზე. TCG-ში უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ლეონიდ კრავჩუკმა განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაცია „ვერ ხედავს საკითხის გადაჭრის სხვა გზას, გარდა ძალის გამოყენებისა“.