საფრანგეთი 55 წლამდე პირებს, ვინც AstraZeneca-ს Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზით აიცრა, მეორე დოზის მისაღებად ალტერნატიულ ვაქცინებს შესთავაზებს. საფრანგეთის ჯანდაცვის უწყების ინფორმაციით, ასეთი პირების რაოდენობა 532 ათასია.
ჯანდაცვის მინისტრმა ოლივერ ვერანმა რადიოინტერვიუში აღნიშნა, რომ სასურველია 55 წლამდე პირებში მეორე დოზად mRNA ტექნოლოგიაზე დაფუძნებული, სხვა ვაქცინა გამოიყენონ. საფრანგეთის მარეგულირებლის მიერ ასეთი ტექნოლოგიის ორი ვაქცინა - Pfizer-ი და Moderna-აა დამტკიცებული.
საფრანგეთის ჯანდაცვის უწყების გადაწყვეტილება ეფუძნება "ევროპის წამლის სააგენტოს" დასკვნას, რომ AstraZeneca-ს ვაქცინასა და თრომბის განვითარებას შორის კავშირი შესაძლოა არსებობდეს. სააგენტო აცხადებს, რომ ბრიტანული ვაქცინით აცრის შემდეგ თრომბის იშვიათი შემთხვევა 25 მილიონი აცრილი ადამიანიდან მხოლოდ 86-ს განუვითარდა, შემთხვევების უმეტესობა 60 წლამდე ზრდასრულ ქალებზე მოდის.
"ევროპის წამლის სააგენტო" კვლავ აცხადებს, რომ AstraZeneca-ს ვაქცინის გამოყენების სარგებელი მის რისკებს აღემატება და ის პანდემიასთან ბრძოლის მნიშვნელოვან ინსტრუმენტად რჩება.
გუშინ ცნობილი გახდა, რომ საქართველოში AstraZeneca-ს ვაქცინის გამოყენება რეკომენდებული 55 წელს ზემოთ ადამიანებისთვის გახდა. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ვინც AstraZeneca-ს ვაქცინის ერთი დოზა გაიკეთა, მეორედაც ამ ვაქცინით აიცრება.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ჯერალდინ ამიელი და ტარა პატელი