LIVE

IMF-მა გლობალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გაზარდა, საქართველოს კი შეუმცირა

07 აპრ 202114:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 707

"საერთაშორისო სავალუტო ფონდმა" (IMF) გლობალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი სამ თვეში მეორედ განაახლა და იანვარში შეფასებული 5,5%-დან, 6%-მდე გაზარდა. ეს იქნება ყველაზე დიდი ზრდა ბოლო ოთხი ათწლეულის განმავლობაში, გასულ წელს 3.3%-იანი შემცირების შემდეგ.

თუმცა, გლობალური ეკონომიკური ზრდის გაუმჯობესებული მოლოდინის ფონზე,  სავალუტო ფონდმა 2021 წლისთვის საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 3.5%-მდე შეამცირა. ეს მაშინ, როდესაც გასული წლის ნოემბერში გაკეთებული პროგნოზის მიხედვით, IMF-ი საქართველოში 2021 წელს ეკონომიკის 4.3%-იან ზრდას ელოდა.

"საერთაშორისო სავალუტო ფონდი" მოწინავე ეკონომიკებზე ვირუსის ნაკლებ ზეგავლენას ვარაუდობს თუმცა, დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებსა და განვითარებად ბაზრებს უფრო მეტად გაუჭირდებათ პოსტ-პანდემიურ პერიოდში სირთულეებთან გამკლავება, განსხვავებით 2009 წლისგან, როდესაც ეკონომიკურმა კრიზისმა მდიდარ ქვეყნებს უფრო მეტად დაარტყა.

ფონდმა, რომელიც "მსოფლიო ბანკთან" შეხვედრას მიმდინარე კვირას ვირტუალურად გამართავს, ხაზგასმით აღნიშნა, რომ პოლიტიკის შემქმნელებმა, Covid-19-ის სამთავრობო დახმარების პაკეტები ეტაპობრივად უნდა შეწყვიტონ, რათა თავიდან აიცილონ "ფისკალური კლდეები." ფონდის რეკომენდაციით, კაპიტალის ნაკადებთან დაკავშირებული რისკების შესამცირებლად, ცენტრალურმა ბანკებმა მთავრობებს მონეტარული პოლიტიკის შესახებ  მკაფიო მითითებები უნდა მისცენ.

რაც შეეხება სამომავლო პროგნოზს, 2022 წლისთვის ფონდი გლობალური ეკონომიკის 4.4%-იან ზრდას ვარაუდობს, რაც წინა 4.2%-იან პროგნოზთან შედარებით, მცირედით გაზრდილია.

მიუხედავად ამისა, IMF-ი აცხადებს, რომ ბევრი მოწინავე ეკონომიკა პანდემიამდელ დონეს 2022 წლამდე ვერ დაუბრუნდება, ხოლო განვითარებად ბაზრებსა და ეკონომიკებს, შესაძლოა, ამისთვის დრო 2023 წლამდე დასჭირდეთ. ფონდის პროგნოზით, მსოფლიო ეკონომიკა 2024 წელს დაახლოებით 3%-ით ნაკლები იქნება, ვიდრე Covid-19-ის აფეთქებამდე იყო მოსალოდნელი.

სავალუტო ფონდის ასევე ხაზს უსვამს აღდგენის ტემპისა და სხვა გარემოებების მიზეზით, გლობალური ცხოვრების დონის უთანასწორობის კიდევ უფრო გაღრმავებას. ფონდის გამოთვლით, ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლის დანაკარგებმა 2020-2022 წლებში განვითარებადი ბაზრებისთვის, ერთ სულ მოსახლეზე, 2019 წლის მშპ-ს 20%-ის ეკვივალენტი შეადგინა. ეს მონაცემები გაცილებით უარესია, ვიდრე სავალუტო ფონდის 11%-იანი მაჩვენებელი მოწინავე ეკონომიკებისთვის.

IMF-ის სხვა მონაცემების მიხედვით:

  • დაახლოებით 95 მილიონი ადამიანი 2020 წელს უკიდურეს სიღარიბეში აღმოჩნდა;
  • არადამაკმაყოფილებლად იკვებება 80 მილიონი ადამიანი;
  • ტურიზმზე დამოკიდებული ეკონომიკები განსაკუთრებით რთულ ვითარებაში აღმოჩნდნენ, რადგან მოსალოდნელია ტრანსსასაზღვრო მოგზაურობის ნორმალიზების ნელი ტემპი;
  • მოწინავე ეკონომიკის ქვეყნებში დაგროვილი მოთხოვნა განაპირობებს ზრდას, რომელიც დაფუძნებულია დანაზოგზე 2020 წლიდან, ვაქცინაციის პარალელურად კი კონტაქტური ინდუსტრიების მუშაობა ახლდება.

IMF-ის სხვა პროგნოზები შემდეგია:

  • მოწინავე ეკონომიკები წელს 5,1% -ით გაიზრდება, წინა 4,3%-იან პროგნოზთან შედარებით
  • დამწყები ბაზრები და განვითარებადი ეკონომიკები 6.7%-ით გაიზრდება, 6.3%-ის ნაცვლად
  • აშშ-ის ზრდა 6.4% იქნება, იანვრის 5.1%-თან შედარებით.
  • ევროზონის ეკონომიკური ზრდა შეადგენს 4.4%-ს, წინა პროგნოზი 4.2%-ს შეადგენდა
  • იაპონია 3.3%-ით გაიზრდება, იანვარში პროგნოზირებულ 3.1%-თან შედარებით
  • ჩინეთი  8,4%-ით გაიზრდება, 8,1%-თან შედარებით
  • ინდოეთი 12.5%​​-ით გაიზრდება, 11.5%-თან შედარებით

ამავდროულად,  IMF-ი ვარაუდობს, რომ წინა წელს საქონლის რეკორდულად დაბალი ფასების გათვალისწინებით, ინფლაციის მონაცემები გლობალური მასშტაბით შეიძლება არასტაბილური გახდეს მომდევნო თვეებში. ასევე, მოსალოდნელია შრომის სუსტი ბაზარი და მაღალ უმუშევრობა.

ფონდის მიხედვით, გლობალური სავაჭრო ბრუნვა წელს 8,4%-ით აჩქარდება, იანვრის 8,1%-ის პროგნოზთან შედარებით.

სავალუტო ფონდის გლობალური ფინანსური სტაბილურობის ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ გლობალურ ეკონომიკას კვლავ შეიძლება შეხვდეს შემაფერხებელი ფაქტორები, რადგან შესაძლოა, მთავრობების მხარდაჭერის უპრეცედენტო მოცულობამ არასასურველი შედეგები გამოიღოს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ერიკ მარტინი