უკრაინამ Pfizer-თან 10 მილიონი დოზა ვაქცინის მისაღებად კონტრაქტი გააფორმა, რაც ქვეყანას კორონავირუსთან ბრძოლაში მნიშვნელოვნად დაეხმარება. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმერ ზელენსკიმ Twitter-ის მეშვეობით განაცხადა და ამერიკული ფარმაცევტული კომპანია Pfizer-ის აღმასრულებელ დირექტორს მადლობა გადაუხადა.
”დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ალბერტ ბურლას, რომ ჩვენი საუბრის შემდეგ სიტყვა შეასრულა და ყველაფერი გააკეთა, რათა უკრაინის მოქალაქეებს პანდემიის ამ რთულ პერიოდში დახმარებოდა”,- წერს ზელენსკი.
ჯანდაცვის მინისტრის, მაქსიმ სტეფანოვის განცხადებით, უკრაინა Pfizer-ის ვაქცინებს სრულად, სავარაუდოდ, წელსვე მიიღეს.
Bloomberg-ის მონაცემებით, უკრაინაში 304 684 დოზა ვაქცინა გაკეთდა. უკრაინამ მოსახლეობის აცრა AstraZeneca-ს ვაქცინით დაიწყო. თებერვლის ბოლოს ქვეყანამ 500 000 დოზა მიიღო. მარტის ბოლოს კი დამატებით ქვეყანაში Sinovac-ის 215 000 დოზა შევიდა. ჩინური ვაქცინა უკრაინის მარეგულირებელმა რამდენიმე დღის წინ, მწვავე ეპიდსიტუაციის ფონზე დაამტკიცა.
უკრაინის მთავრობის განცხადებით, 41-მილიონიან ქვეყანას ვაქცინების ახალი პარტია სასწრაფოდ ესაჭიროება, რადგან ინფექციების შემთხვევები ყოველდღიურად მატულობს და შესაძლოა, უახლოეს კვირებში დღიურმა მაჩვენებელმა 25 000-ს გადააჭარბოს.
Reuters-ის ინფორმაციით, ვაქცინაციის პარალელურად, ქვეყანაში კოვიდ რეგულაციები მკაცრდება. კიევში შეიზღუდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, დაიხურა სკოლები და საბავშვო ბაღები.