ერთი წლის წინ, აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის მიერ გლობალური ფინანსური სისტემის გადარჩენამ, საზოგადოებრივი ჯანდაცვის კრიზისის საბაზრო ქაოსად გარდაქმნა შეაჩერა. Covid-19-ის პანდემიის ისტორიის წერისას, არასწორი იქნება ფინანსური დიპლომატიის ამ გამოცდილების უგულებელყოფა, რამაც დოლარის როლი, როგორც მსოფლიო ეკონომიკის საყრდენი, კიდევ უფრო გაამყარა.
მონეტარული კუნთის ამგვარი დაჭიმვა დიდ კითხვებს ბადებს, როგორც მსოფლიოს ბანკნოტებზე დამოკიდებულების შესახებ, ასევე მის მორალურ საფრთხეებზეც. რა მოხდება, თუ აშშ გადაწყვეტს, რომ აღარ სურს აიღოს პასუხისმგებლობა, როგორც გლობალურმა კრედიტორმა? ამერიკის დაცემის გავრცელებული ნარატივის მიმზიდველობის მიუხედავად, მსოფლიოს, ამ მხრივ, ცოტა არჩევანი აქვს.
2020 წლის მარტის ბოლოს ფედერალურმა რეზერვმა უცხოური ცენტრალური ბანკებისათვის დოლარის მიწოდება მკვეთრად გაზარდა. მან ეს საზღვარგარეთის ცხრა მონეტარულ ორგანოში დოლარის ლიკვიდურობის გაცვლის ხაზების გახსნით გააკეთა, მათ შორის სინგაპურში, სამხრეთ კორეაში, ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში. მან ასევე ჩამოაყალიბა პროგრამა, რომელიც მეტ ქვეყანას აძლევდა საშუალებას აშშ-ის სახაზინო ვალდებულებები დროებით დოლარში გაეცვალათ.
უმოქმედობა დამღუპველი იქნებოდა, რადგან მსოფლიო ფინანსური კრიზისის პირას იდგა. Bloomberg Dollar Spot Index-ი ყველაზე მეტად გაიზარდა 2008 წლის შემდეგ. აშშ-ს ფედერალური ბანკის ზომებმა იმუშავა: დოლარის შესუსტება საბოლოოდ შეჩერდა.
Bretton Woods-ის ხელშეკრულებიდან, რომელმაც მეორე მსოფლიო ომის შემდგომი ფინანსური არქიტექტურა ჩამოაყალიბა, შვიდი ათწლეულის შემდეგ, დოლარის გავლენა მხოლოდ გაიზარდა.
”მიუხედავად გავრცელებული პროგნოზისა, რომ მსოფლიო უფრო მრავალპოლარული სისტემისკენ ვითარდება, აშშ დოლარი რჩება ყველაზე მნიშვნელოვან წამყვან ვალუტად, განსაკუთრებით მაშინ, თუ ჩინეთის და ყოფილი საბჭოთა კავშირის ბლოკის გლობალურ ფინანსურ სისტემაში ინტეგრაციას განიხილავთ”, - წერენ ეთან ილზეცკი, კარმენ რეინჰარტი და კენეტ როგოფი 2019 წლის ნაშრომში.
ის, თუ როგორ აამოქმედა აშშ-მ თავისი ბერკეტები, ასევე სასწავლო გამოცდილებაა. მისი ძირითადი ბენეფიციარები მოკავშირეები და პარტნიორები იყვნენ. გაცვლის მიმღები ცხრა ცენტრალურ ბანკიდან არცერთი არ იყო ვაშინგტონის მტერი. ამას თან სდევს მძიმე პოლიტიკური რეალობა. დიახ, ფედერალური ბანკი დამოუკიდებელია აშშ-ის მონეტარული პოლიტიკის განსაზღვრაში, მაგრამ ის ასევე ითვალისწინებს კონგრესს და მის ნაბიჯებს. მაგალითისთვის, თუ როგორ შეიძლება კაპიტოლიუმში ინტერნაციონალიზმი სწრაფად გადავიდეს უკანა პლანზე სენატის საბანკო კომიტეტში სახაზინო მდივნის, ჯანეტ იელენის სიტყვას გადავხედოთ. მას სასტიკი რესპუბლიკური წინააღმდეგობა შეხვდა საერთაშორისო სავალუტო ფონდში დამატებითი კაპიტალის შეტანის წინადადების შესახებ. ლუიზიანას რესპუბლიკელმა სენატორმა, ჯონ კენედიმ თქვა, რომ გადასახადის გადამხდელების ფულადი სახსრები აშშ-ის ისეთ მოწინააღმდეგეებზე დაიხარჯებოდა, როგორიცაა ჩინეთი და რუსეთი.
ეს ნაბიჯები ხაზს უსვამს გლობალური ფინანსური სისტემის დაუცველობას. მსოფლიო შესაძლოა, ფედერალური სარეზერვო სისტემის დახმარებით, ძალიან დამოკიდებული გახდა დოლარზე. ეს ინგლისის ბანკის ეკონომისტის სალემ ბაჰაჯის და ლონდონის ეკონომიკის სკოლის პროფესორის, რიკარდო რეიზის ნაშრომებში იდენტიფიცირებულ გამოწვევებს შორის ერთ-ერთია.
”ბანკები ან ძალიან დიდ ინვესტიციებს აკეთებენ უცხოურ აქტივებში ან უცხოურ სესხებზე ძალიან დიდ იმედს ამყარებენ, რაც იწვევს მაკრო-ფინანსურ სისუსტეს”,- წერენ ეკონომისტები 2021 წლის ნაშრომში
მიუხედავად დამოკიდებულების საშიშროებისა, ჩვენ უახლოეს მომავალში დოლარის დომინირებასთან შეგუება მოგვიწევს. მაშინაც კი, როცა ჩინეთი ერთადერთი მსხვილი ეკონომიკა იყო, რომელმაც 2020 წელს ზრდა დააფიქსირა და მისი მთლიანი შიდა პროდუქტი, სავარაუდოდ, მომავალ ათ წელში ამერიკისას გადააჭარბებს, ჩინეთის ეროვნული ვალუტა, იუანი ძალიან შორსაა მსოფლიოს სავალუტო საყრდენად ყოფნისგან.
ჩინეთს აქვს გრანდიოზული სტრატეგიული გეგმა, მაგრამ როდესაც მსოფლიო ფულადი სისტემის გახლეჩის წინაშე დგება, ვის მოუხმობთ დასახმარებლად? აშშ-ს, ძალას, რომელიც თავის უკანასკნელ წლებს ითვლის.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: დანიელ მოსი