LIVE

ჩინეთის ფერმებში აკრძალული ქიმიური საშუალებები კვლავ გამოიყენება

05 აპრ 202110:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 1016
ჩინეთის ფერმებში აკრძალული ქიმიური საშუალებები კვლავ გამოიყენება
Robert J. Saiget/AFP

მილიონობით ჩინელი ყოველ გაზაფხულზე ტელევიზორებთან ერთი მიზნით იკრიბება - სატელევიზიო შოუში ორი საათის განმავლობაში იმ ბრენდებს ასახელებენ, რომლებიც ცუდი მომსახურებით, მათ შორის, თაღლითობით, გამოირჩევიან. ასე მოხდა წელსაც. მომხმარებელთა უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებულ ამ ღონისძიებაზე ძირითადი სია თითქმის უცვლელი იყო. სამარცხვინო კომპანიების სიაში Ford Motor-იც მოხვდა.   

სიაში შევიდნენ მეცხვარეები, რომელთა ფერმები პეკინიდან 120 მილზე მდებარეობს. შოუს მიხედვით, ეს ფერმერები ცხვრებს რეგულარულად აძლევდნენ კლენბუტეროლს, ზრდის ძლიერ და აკრძალულ დამაჩქარებელს, რამაც შეიძლება ადამიანების ჯანმრთელობას მნიშვნელოვანი საფრთხე შეუქმნას. 

ცოტა ხნის წინ, “ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ” გაავრცელა ინფორმაცია, რომ COVID-19-ის გლობალური აფეთქების სავარაუდო წყარო შესაძლოა, ჩინეთის ფერმები იყოს. 

ეს ორი მაგალითი ნათლად მიუთითებს თუ რამდენად რთულია ჩინეთის მცირე მეურნეობების უზარმაზარი სისტემის კონტროლი - განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ადგილობრივ ოფიციალურ პირებს პრობლემების გამოაშკარავების დიდი სურვილი არ აქვთ. 

როგორც წესი, მეურნეობები ურბანიზაციის, ეკონომიკური ზრდისა და სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობის პარალელურად იქმნება. თუმცა ჩინეთში ასე არ მომხდარა. ამ ქვეყანაში მეურნეობები ხშირად მთავრობის წევრების საკუთრებაში მყოფ მიწებზე ვითარდება. 

საშუალო ჩინური მეურნეობა დაახლოებით 1,25 ჰექტარია და, როგორც წესი, იყოფა მეოთხედ ჰექტარ ნაკვეთებად. ნაკვეთის გაფართოება ფერმერებისთვის დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული. როდესაც მიწის გაფართოებას ვერ ახერხებენ, ფერმერები წარმოების გასაზრდელად ქიმიური საშუალებების გამოყენებას მიმართავენ. მათ შორის, ჭარბი დოზით იყენებენ სასუქს და პესტიციდებს. სწორად ამიტომაა, რომ ჩინეთი პესტიციდების მოხმარებაში მსოფლიოში ლიდერია. შედარებისთვის, აშშ, რომელსაც მეტი სახნავ-სათესი მიწა აქვს, ჩინეთის მიერ გამოყენებული საშუალებების მეოთხედს იყენებს.  

წარმოების გასაზრდელად ქიმიურ საშუალებებს მხოლოდ სახნავ-სათესით დაკავებული ფერმერები არ მიმართავენ. ჩინეთის ჩრდილო-დასავლეთში ქათმის ფერმების მეპატრონეების გამოკითხვამ დაადასტურა, რომ ფერმებში ანტიბიოტიკები ფართოდ გამოყენება. კლენბუტეროლს, რომელსაც ხშირად "მჭლე ხორცის ფხვნილს" უწოდებენ, საკვების დანამატად გამოყენების ხანგრძლივი ისტორია აქვს. ის ცხოველსა და ფრინველს კუნთებში ცხიმის წილს უზრდის და წონას მატებს. 

კლენბუტეროლის გამოყენება ჩინეთმა ჯერ კიდევ 1997 წელს აკრძალა. ამის მიზეზი პრეპარატთან დაკავშირებული დაავადებების აფეთქებები გახდა. მაშინ დამნაშავეების გამოვლენისა და მათი დასჯის გარდა, ოფიციალურმა წარმომადგენლებმა გამოაცხადეს მთელი რიგი რეფორმები, რომლებიც მიზნად ისახავდა ფერმერებისა და ხორცის გადამამუშავებლების მიერ უკანონო დანამატების გამოყენების შეწყვეტას. 

აკრძალვის მიუხედავად, ის დღემდე აქტიურად გამოიყენება. ამის გამო, მომხმარებლები ხშირად წუხან, მაგრამ მცირემიწიანი ფერმერისთვის წარმოების გასაზრდელად ეს ხშირად ერთადერთი გზაა. “მომხმარებელთა უფლებების დღისადმი” მიძღვნილ შოუში ითქვა, რომ პრეპარატი ცხვრის ღირებულებას 7-9 დოლარით ზრდის. 

ადგილობრივი მთავრობები აკრძალული პრეპარატის გამოყენებაზე ან თვალს ხუჭავენ, ან უბრალოდ არ აინტერესებთ. მართალია, ჩინეთი მომავალში მცირემიწიანი ფერმების და მასთან დაკაშირებული პრობლემების მიხედვას აპირებს, მაგრამ ამას 20 წელი მაინც დასჭირდება. იქამდე კი, ყურადღების გამოჩენა მომხმარებლებს მოუწევთ. ისინი თავად უნდა დააკვირდნენ რას ყიდულობენ და რისგან შედგება მათი კვების რაციონი. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ადამ მინტერი