LIVE

ციფრული რეკლამის სექტორი Google-ს ალტერნატივით პასუხობს

04 აპრ 202113:05
3 წუთის საკითხავი
clock clock 1257
ციფრული რეკლამის სექტორი Google-ს ალტერნატივით პასუხობს
Bloomberg

ციფრული რეკლამის დამკვეთები Google-ის გადაწყვეტილებას, შეწყვიტოს მესამე მხარისთვის ქუქი-ფაილების გამოყენება, ალტერნატივით ხვდებიან.

ქუქი (Cookies) მცირე ზომის ტექსტური ფაილებია, რომელიც იმ დროს იქმნება, როცა ჩვენ ამა თუ იმ ვებ-გვერდზე შევდივართ და სხვადასხვა კონტენტს ვეცნობით. ამ ფაილს ჩვენს მიერ მონახულებული ვებ-გვერდი აგენერირებს და შემდეგ ჩვენი კომპიუტერის ბრაუზერი ამუშავებს, ისინი ჩვენს კომპიუტერში არქივდება და გარკვეულ ინფორმაციას შეიცავს იმაზე, თუ რომელ საიტებს ვსტუმრობთ, რა მასალას ვეცნობით. სწორედ ამ ფაილების გამოყენებით ახერხებენ რეკლამის დამკვეთები ჩვენს ინტერესებზე მორგებული რეკლამა გვაჩვენონ ქსელში ყოფნისას.

შესაბამისად, Google- ის შარშანდელმა გადაწყვეტილებამ, რომ მესამე მხარეებს, ანუ რეკლამის განმთავსებლებს, მომხმარებლების ქუქი-მონაცემებზე წვდომა აღარ ექნებოდათ, ონლაინ რეკლამის სექტორი რთულ მდგომრეობაში ჩააყენა. ციფრული რეკლამის ინდუსტრია სამიზნე აუდიტორიის განსაზღვრისას ძირითადად, სწორედ ამ მონაცემებს ეყრდნობა, რადგან სწორედ ქუქი-ფაილები აძლევს საშუალებას თვალყური ადევნოს მომხმარებლის პრიორიტეტებს ქსელში და გაზომოს მარკეტინგული კამპანიის შედეგები. 

ციფრული რეკლამის აღმასრულებლებმა და ადვოკატებმა ანონიმური იდენტიფიკატორის იდეა წარადგინეს, რაც ადამიანებს საშუალებას მისცემს გააკონტროლონ, რომელ რეკლამებს ნახავენ ინტერნეტში. ტექნოლოგია, სახელწოდებით SWAN, მხარდაჭერილია ისეთი სარეკლამო კომპანიების მიერ, როგორიცაა PubMatic, OpenX და Zeta Global.

ინდუსტრიის მიერ ინიცირებული პროგრამის გამოსვლამდე, რაც ზაფხულისთვის იგეგმება, 60-დღიანი პერიოდის განმავლობაში, მარკეტინგის აღმასრულებლებს, გამომცემლებსა და ინდუსტრიის სხვა წარმომადგენლებს, სისტემის გამოცდა საშუალება მიეცემათ.

Google-ის ახალი გეგმა, ცნობილი როგორც FLoC-ი, მესამე მხარის ქუქი-ფაილების სისტემას საერთო ინტერესების მქონე ადამიანების დაჯგუფებით შეცვლის. მომხმარებლებს კი უფლება ექნებათ, უარი თქვან ამა თუ იმ ჯგუფში ყოფნაზე. 

SWAN-ი სხვაგვარად მუშაობს. როდესაც ადამიანები SWAN-ის ქსელში პირველად ეწვევიან ვებ-გვერდს, სისტემა მას თანხმობას სთხოვს იმაზე, რომ SWAN-ში ჩართულმა თითოეულმა მესამე მხარემ გამოიყენოს მისი ბრაუზინგის მონაცემები, რათა მას ქსელში მის ინტერესებზე მორგებული რეკლამა აჩვენონ. ამის შემდეგ მომხმარებლის პრეფერენციები ქსელში ინახება და SWAN-ის სხვა მონაწილეებისთვისაც ავტომატურად ხდება ხელმისაწვდომი. ადამიანებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ შეცვალონ პარამეტრები ნებისმიერ ვებსაიტზე, რაც ავტომატურად განახლდება ქსელის ყველა წევრი საიტისთვის.

მესამე მხარის ქუქი-ფაილების ამოღება ციფრული რეკლამისთვის ვაკუუმს აჩენს, რომელიც SWAN- ს შეუძლია ამოავსოს და როგორც ტექნოლოგიური მეწარმე, ჯეიმს როზეველი ამბობს: „გაუმკლავდეს რეკლმაირებისთვის მონაცემების შეუზღუდავად გამოყენების პრობლემას, რასაც ყველა ვაწყდებით."

როზეველი პროექტის შექმნაში იღებდა მონაწილეობას. ის SWAN-ს ახასიათებს როგორც ახალ პროგრამას იმ გამომცემლებისა და რეკლამის განმთავსებლებისთვის, რომლებსაც Google-ის იმედად ყოფნა აღარ სურთ. თავად ტქნოლოგიური გიგანტის განზრახვას ქუქი-ფაილებთან დაკავშირებით, ანტიმონოპოლიური მარეგულირებლები ჯერ კიდევ განიხილავენ.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: აოფი უაითი