LIVE

WHO-ის ​ექსპერტებმა COVID-19-ის გავრცელების წყაროს კვლავ ვერ მიაგნეს

31 მარ 202112:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 947
WHO-ის ​ექსპერტებმა COVID-19-ის გავრცელების წყაროს კვლავ ვერ მიაგნეს
Bloomberg L.P.

COVID-19-ის წარმოშობის თაობაზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და ჩინელი ექსპერტების მიერ მომზადებული ანგარიშის მიხედვით, ვირუსის გავრცელების წყარო კვლავ უცნობია. ყველაზე სარწმუნო თეორიის თანახმად, ახალი კორონავირუსი ადამიანებში ღამურებიდან, შუამავალი ცხოველის მეშვეობით, გავრცელდა. თუმცა ორგანიზაციის გენერალური დირექტორი ტედროს ადანომ გებრეისუსი არც სხვა ვერსიებს გამორიცხავს.

ექსპერტების მიერ ჩინეთში მომზადებული ანგარიშის შეფასებისას, ტედროს ადანომ გებრეისუსმა აღნიშნა, რომ ჩინეთში კორონავირუსის წარმოშობის შესწავლის მისია ძალიან ხანმოკლე იყო იმისთვის, რომ რომელიმე თეორია, მათ შორის, ვირუსის ლაბორატორიიდან გაჟონვის ვერსია სრულად გამოერიცხა. ის თანახმაა WHO-ის ექსპერტებს დამატებითი მისიები შეუერთდნენ. 

”მიუხედავად იმისა, რომ გუნდმა დაასკვნა, რომ ლაბორატორიიდან გაჟონვა ყველაზე ნაკლებად სავარაუდო ჰიპოთეზაა, საჭიროა დამატებითი გამოძიება”, - ამბობს ტედროს ადანომ გებრეისუსი.

WHO-ის ექსპერტების კვლევას ათზე მეტი ქვეყნის კრიტიკული გამოხმაურება მოჰყვა. ქვეყნების მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ მისიის ანგარიშს აკლდა სრული, ორიგინალი მონაცემები და მაგალითები. ისინი მეტ გამჭვირვალობასა და ეპიდემიის მომავალი აფეთქების პრევენციისთვის ოპერატიულ მუშაობას მოითხოვენ. 

”ჩვენ მხარს ვუჭერთ გამჭვირვალე და დამოუკიდებელ ანალიზსა და შეფასებას, რომელიც ჩარევისა და ზედმეტი გავლენისგან თავისუფალი იქნება. ვუერთდებით გამოთქმულ შეშფოთებას, რომელიც WHO-ის მიერ ჩინეთში ჩატარებულ კვლევებთან დაკავშირებით გამოითქვა",- ნათქვამია განცხადებაში.

ტედროს ადანომ გებრეისუსის თქმით, ადრეული შემთხვევების გასაანალიზებლად მეცნიერები სულ მცირე, 2019 წლის სექტემბრის შემდგომ მონაცემებზე, მათ შორის, ბიოლოგიურ ნიმუშებზე წვდომას მიიღებენ.

ჯგუფის ლიდერის, პიტერ ბენ ემბარეკის თქმით, ლაბორატორიიდან ვირუსის გავრცელების შესახებ ჰიპოთეზა გამოძიების ძირითადი მიმართულება არ ყოფილა, რადგან ექსპერტებმა ეს ნაკლებად სარწმუნოდ მიიჩნიეს. მისი თქმით, ჯგუფს ლაბორატორიების სრული გამოკვლევა არ ჩაუტარებია.

ექსპერტთა ჯგუფი არ გამორიცხავს, რომ ახალი კორონავირუსი ჩინეთის გარეთ გავრცელდა. ამ მიმართულებით სპეციალისტები კვლევას აგრძელებენ. 

ჩინეთი კატეგორიულად უარყოფს აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) ყოფილი ხელმძღვანელის, რობერტ რედფილდის, მოსაზრებას, რომ ვირუსი უჰანის ლაბორატორიიდან გავრცელდა.

ჩინეთში კორონავირუსის წარმოშობას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტები, ადგილობრივ სპეციალისტებთან ერთად, იანვრიდან იკვლევენ.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: თომას მულიე და კორინ გრეტლერი