LIVE

Facebook და Google აშშ-სინგაპურის წყალქვეშა კაბელს აფინანსებენ

03 აპრ 202114:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 570
Facebook და Google აშშ-სინგაპურის წყალქვეშა კაბელს აფინანსებენ
Bloomberg

Facebook-ი ორ ახალ წყალქვეშა კაბელს დააფინანსებს, რომელიც წყნარი ოკეანის გავლით შეერთბული შტატების დასავლეთ სანაპიროს და სინგაპურს დააკავშირებს. ერთ-ერთ პროექტში ჩართულია Google-ც. ეს პროექტები აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონში ინტერნეტ-ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად და არსებული გათვლებით ინტერნეტზე ხელმისაწვდომობას 70%-ით გააუმჯობესებს.

Google-ი მხარს უჭერს წყალქვეშა კაბელ Echo-ს, რომელიც, კომპანიის განცხადებით, პირველი იქნება, რომელიც სინგაპურს უშუალოდ დააკავშირებს შეერთებულ შტატებთან. კალიფორნიისკენ მიმავალ კაბელს კვანძები ექნება ინდონეზიასა და გუამში. ოპტიკურ ბოჭკოვანი კაბელი 2023 წელს ამოქმედდება.

Echo-სთან კოლაბორაციის გარდა, Facebook ჩართულია კიდევ ერთ პროექტში Bifrost-ში, რომელიც სინგაპურს აშშ-ს დასავლეთ სანაპიროსთან ესპანეთის გავლით დააკავშირებს 15,000 კილომეტრიანი ლინკით. ეს პროექტი 2024 წელს უნდა დასრულდეს.

კალიფორნიაში ბაზირებულ ტექნოლოგიურ გიგანტს სინგაპურში $1 მილიარდიანი მონაცემთა ცენტრის პროექტი აქვს, რაც მისი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ინვესტიციაა აზიის რეგიონში. კომპანია აცხადებს, რომ Echo და Bifrost-ი მნიშვნელოვან და მრავალფეროვან წყალქვეშა შესაძლებლობებს უზრუნველყოფს, რაც სინგაპურის ციფრულ ზრდას და მის ინტერნეტ კავშირის ჰაბად გარდაქმნას დააჩქარებს.

პროექტები, რომლებიც სინგაპურს ინდონეზიასთან და ჩრდილოეთ ამერიკასთან დააკავშირებს, ადგილობრივ პარტნიორებთან ერთად განხორციელდება. მათ შორის არიან XL Axiata და სინგაპურში დაფუძნებული Keppel-ი.

ამ პროექტების წინამორბედი მსგავსი კაბელი, რომელსაც ჰონგ-კონგი და აშშ უნდა დაეკავშირებინა, ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგობის გამო, გასული წლის აგვისტოში ჩავარდა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ვლად სავოვი