LIVE

კანადა 55 წლამდე ასაკის პირებში AstraZeneca-ს ვაქცინის გამოყენებას აჩერებს

30 მარ 202112:02
3 წუთის საკითხავი
clock clock 3171
კანადა 55 წლამდე ასაკის პირებში AstraZeneca-ს ვაქცინის გამოყენებას აჩერებს
Photographer: Jennifer Gauthier/Bloomberg

კანადაში 55 წლამდე პირების AstraZeneca-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრას დროებით აჩერებენ. ამის მიზეზი, იშვიათ შემთხვევებში, ვაქცინასა და სისხლში თრომბის განვითარებას შორის შესაძლო კავშირია. 

კანადის ერთ-ერთი პროვინციის, მანიტობას ვაქცინაციის ჯგუფის ხელმძღვანელის, ჯოს რიმერის განცხადებით, რეკომენდაცია ევროპაში ახალგაზრდა ქალებში განვითარებულ “იშვიათ, მაგრამ სერიოზულ” გვერდით მოვლენებზე დაყრდნობით მიიღეს.

ქვეყნის ვაქცინების საკონსულტაციო კომიტეტის რეკომენდაციის საფუძველზე, 55 წლამდე პირებში AstraZeneca-ს ვაქცინის გამოყენება კანადის პროვინციების, მათ შორის, ონტარიოს, კვებეკის, ბრიტანეთის კოლუმბიისა და ალბერტას ჯანდაცვის ორგანოებმა შეაჩერეს. 

რიმერი განმარტავს, რომ ვაქცინის გამოყენების შეჩერების გადაწყვეტილება დროებითია და ვაქცინის გვერდითი მოვლენების შესახებ მეტი ინფორმაციის მიღებამდე, სიფრთხილის გამო, მიიღეს.

აღსანიშნავია, რომ ამ კვირაში კანადა აშშ-დან AstraZeneca-ს 1.5 მილიონ დოზა ვაქცინას ელოდება. მიღებული გადაწყვეტილება ვაქცინაციის პროცესს კიდევ უფრო შეაფერხებს. Bloomberg-ის თანახმად, კანადაში მაცხოვრებლების მხოლოდ 1.8% არის სრულად ვაქცინირებული. მაშინ, როცა აშშ-ში მოსახლეობის 15,8% აიცრა.

ორი კვირის წინ, თრომბის განვითარების რისკის გამო, AstraZeneca-ს ვაქცინის გამოყენება ევროპის ათზე მეტ ქვეყანაში შეაჩერეს, თუმცა, მას შემდეგ, რაც "ევროპის წამლის სააგენტომ" და "ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ" განაცხადეს, რომ ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტიანი იყო, ქვეყნების უმრავლესობამ, მათ შორის, გერმანიამ, საფრანგეთმა და იტალიამ, მისი გამოყენებით, ვაქცინაცია განაახლა. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ქეით ბოლონგარო, დანიელ ბოჩოვი და თეოფილოს არგიტი