LIVE

ლომბარდებს მსესხებლები და მოგება შეუმცირდათ

29 მარ 202115:47
3 წუთის საკითხავი
clock clock 1388
ლომბარდებს მსესხებლები და მოგება შეუმცირდათ

2020 წელს, საქართველოში მოქმედმა ლომბარდებმა თითქმის 323 მილიონი ლარის სესხი გასცეს (87.1% ეროვნული ვალუტით). მათ მიერ გაცემული სესხების 87.5% ფიზიკურ პირებზე მოდის, ხოლო 12.5% - იურიდიულ პირებზე.

სალომბარდე სესხების საშუალო წლიური შეწონილი საპროცენტო განაკვეთი 27.8% იყო: ეროვნულ ვალუტაში - 27.9%, ხოლო უცხოურ ვალუტაში - 24.3%. ყველაზე მაღალი განაკვეთი - 36% - რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის რეგიონში დაფიქსირდა, ხოლო ყველაზე დაბალი - 22.3% - სამეგრელო-ზემო სვანეთში.

ლომბარდების მიერ გაცემული სესხის საშუალოწლიური შეწონილი საპროცენტო განაკვეთი რეგიონების მიხედვით, 2020

აღსანიშნავია, რომ 2020 წელს ლომბარდების მიერ გაცემული სესხების მოცულობა შემცირებულია 2017 წელთან შედარებით (ბოლოს წინა კვლევა საქსტატმა სწორედ ამ პერიოდისთვის გამოაქვეყნა). ამ წელს ლომბარდებმა 405,8 მილიონი ლარზე მეტი სესხი გასცეს. შემცირებულია საშუალო საპროცენტო განაკვეთიც, 2017 წელს ეს მაჩვენებელი 45.4% იყო (ეროვნულ ვალუტაში 46,2%, ხოლო უცხოურ ვალუტაში - 32.7%).

ამასთან, თუკი 2017 წელს ლომბარდებისგან თანხა 609,358-მა ადამიანმა ისესხა, 2020 წელს ეს რიცხვი თითქმის განახევრდა და 306,952 შეადგინა. აღსანიშნავია, რომ მათი აბსოლუტური უმრავლესობა, დაახლოებით 99.9%, ფიზიკური პირია. ამ მაჩვენებლებით გამოდის, რომ 2020 წელს საქართველოში ლომბარდის ვალი ჰქონდა ყოველ მე-12 ადამიანს, ხოლო 2017 წელს - ყოველ მე-6-ს. 

შემცირებულია ლომბარდების მოგებაც. თუკი 2017 წელს ამ ტიპის ორგანიზაციების მოგება 47,5 მილიონ ლარს აჭარბებდა, 2020 წელს მათი მოგება 18,3 მილიონი ლარი იყო.

საქსტატის თანახმად, 2020 წლის ბოლოსათვის საქართველოში სალომბარდო საქმიანობით დაკავებული იყო 193 ორგანიზაცია. აქედან თითქმის ნახევარი (46.1%) თბილისში მდებარეობს, ხოლო დანარჩენი - რეგიონებში.