„მსოფლიო ბანკის“ შეფასებით, პანდემიასთან დაკავშირებული რისკები საქართველოში გენდერულ უთანასწორობას აღრმავებს.
„მსოფლიო ბანკის“ მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში - 2020 წლის საქართველოს გენდერული შეფასება, აღნიშნულია, რომ ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზრდა და სიღარიბის შემცირება აღინიშნა, თუმცა ამ პროცესის სარგებელი არათანაბრად განაწილდა მამაკაცებსა და ქალებს შორის.
ანგარიშის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ქალებისთვის განათლება ხელმისაწვდომია, ეს შესაძლოა სულაც არ ნიშნავდეს მათი უნარ-ჩვევების ან/და შრომითი ბაზრის შედეგების გაუმჯობესებას. სასკოლო განათლების თითქმის საყოველთაო დაფარვის მიუხედავად, განათლების სისტემას უჭირს ვაჟებისა და გოგონების ხარისხიანი განათლებითა და უნარებით უზრუნველყოფა, რაც დასტურდება ადამიანური კაპიტალის განვითარების ინდექსში (HCI) საქართველოს ქულით - 0.57, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალგაზრდები 18 წლის ასაკისთვის თავიანთი ადამიანური კაპიტალის პოტენციალის მხოლოდ 57 პროცენტის რეალიზაციას ახერხებენ.
„სამომავლოდ, საქართველომ უნდა განსაზღვროს პრიორიტეტული ღონისძიებები სათანადო უნარ-ჩვევების ათვისების ხელშესაწყობად და, როგორც ანგარიში მიუთითებს, ასევე გააუმჯობესოს ქალთა უნარი შრომით ბაზარსა და სამეწარმეო საქმიანობაში ჩართვის თვალსაზრისით. აღნიშნულ პრიორიტეტებს შეუძლია ქალთა ეკონომიკური შესაძლებლობების გაფართოება და ასევე, მათი კეთილდღეობისა და სხვადასხვა სფეროში განვითარებისა ხელშეწყობა“, - აღნიშნავს „მსოფლიო ბანკის“ რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსი.
ამასთან, 2020 წლის საქართველოს გენდერული შეფასების თანახმად, ქალების წვდომა ეკონომიკურ შესაძლებლობებზე მამაკაცებთან შედარებით შეზღუდულია. საქართველოში გენდერული უთანასწორობა შრომით რესურსებში მონაწილეობის თვალსაზრისით 19 პროცენტია. რაც შეეხება ხელფასს, მამაკაცების ანაზღაურება 16 პროცენტით მაღალია ვიდრე ქალებისა, დემოგრაფიული და სამუშაოს მახასიათებლების გათვალისწინებით.
„მსოფლიო ბანკის“ ინფორმაციით, სხვა ქვეყნების მსგავსად, შეზღუდული მონაცემები ძირითად ბარიერს წარმოადგენს საქართველოში გენდერული ძალადობის (GBV) შესწავლისა და მასზე რეაგირების თვალსაზრისით. ხელმისაწვდომი მონაცემები კი მიუთითებს, რომ ქალების 6 პროცენტი ფიზიკურ და/ან სექსუალურ ძალადობას განიცდის თავისი პარტნიორის მხრიდან.
ამასთან, „მსოფლიო ბანკი“ აცხადებს, რომ განაგრძობს მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოების და განვითარების მიმართულებით მომუშავე სხვა პარტნიორების მხარდაჭერას საქართველოში გენდერული თანასწორობის ხელშესაწყობად.