LIVE

არაბთა გაერთიანებული საამიროები ჩინური Sinopharm-ის წარმოებას იწყებს

29 მარ 202120:02
3 წუთის საკითხავი
clock clock 785
არაბთა გაერთიანებული საამიროები ჩინური Sinopharm-ის წარმოებას იწყებს
Bloomberg

ჩინეთი, არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან პარტნიორობით, Sinopharm-ის მილიონობით ვაქცინის გამოშვებას გეგმავს. ეს ჩინეთის გარეთ Sinopharm-ის წარმოების შესახებ პირველი შეთანხმებაა. 

პარტნიორი კომპანიების, ჩინური Sinopharm-ისა და არაბული G42-ის ერთობლივი საწარმო წელს ამუშავდება და ყოველწლიურად 200 მილიონამდე დოზა ვაქცინას გამოუშვებს.

G42-ი, რომელიც ხელოვნური ინტელექტისა და ღრუბლოვანი კომპიუტერული სერვისების ფირმად არის ცნობილი, Sinopharm-ს გასულ წელს ვაქცინის გამოკვლევების ჩატარებაში დაეხმარა.

ამ შეთანხმებით, არაბთა გაერთიანებული საამიროები ხდება რეგიონში პირველი ქვეყანა, რომელიც კორონავირუსის ვაქცინის საწარმოს აარსებს. ამით მას საშუალება ეძლევა შუა აღმოსავლეთი და მის მიღმა ქვეყნები ვაქცინით მოამარაგოს.

არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა ჩინური ვაქცინა გასულ წელს დაამტკიცა და მოსახლეობის უმეტესობა ამ ვაქცინით აცრა. ადგილობრივი წარმოების ვაქცინას, რომელსაც სახელად Hayat-Vax-ს დაარქმევენ, იგივე Sinopharm-ი იქნება.

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ვაქცინის წარმოება ქვეყნებს შორის ურთიერთობას გაამყარებს.

”ეს ნამდვილად მკაფიო სიგნალია, რომელიც ამტკიცებს, რომ არაბთა გაერთიანებული საამიროები ახლო აღმოსავლეთში ჩინეთის ყველაზე სანდო პარტნიორია და ამით რეგიონის ქვეყნებს შორის კავშირები ყალიბდება”, - ამბობს ჩინეთისა და ყურის ურთიერთობების სპეციალისტი, ჯონათან ფულტონი.

Sinopharm-ს ყოველწლიურად 3 მილიარდი დოზის წარმოება შეუძლია. მისი ვაქცინის ტრანსპორტირება და შენახვა განსაკუთრებულ პირობებს არ მოითხოვს. მისი შენახვა შესაძლებელია ჩვეულებრივ მაცივრებში. ამის გამო, Sinopharm-ის გამოყენება განვითარებადი ქვეყნებისთვის ხელსაყრელია.

აღსანიშნავია, რომ საქართველო აპრილში სწორედ Sinopharm-ის ვაქცინას ელოდება. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, აპრილში თბილისში ჩინური ვაქცინის 100 000-მდე დოზა ჩამოვა. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: სილვია ვესტალი, ადვეით ნაირი და ფარაჰ ელბაჰრაუი