LIVE

ევროკავშირი ვაქცინების ექსპორტთან დაკავშირებით პოზიციას არბილებს

26 მარ 202120:26
3 წუთის საკითხავი
clock clock 1393
ევროკავშირი ვაქცინების ექსპორტთან დაკავშირებით პოზიციას არბილებს
Antonio Masiello/Getty Images

ევროკავშირის ლიდერები, რომლებიც რამდენიმე დღის წინ ვაქცინების ექსპორტის შეზღუდვის გეგმაზე შეთანხმდნენ, იმედოვნებენ, რომ მისი გამოყენების საჭიროება არ დადგება. 

ბლოკი ვაქცინის ექსპორტის შეზღუდვის გადაწყვეტილებამდე მას შემდეგ მივიდა, რაც აღმოჩნდა, რომ ის დანარჩენ მსოფლიოს უფრო მეტ ვაქცინას უგზავნიდა, ვიდრე საკუთარ მოსახლეობას რჩებოდა. 

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა, ვაქცინით მომარაგების ახალი, უფრო მკაცრი მექანიზმი მოითხოვა, რაც თავის მხრივ, საპასუხო ზომების საფრთხეს ქმნის, რომელმაც შესაძლოა, ევროპის ვაქცინის მწარმოებელ ქარხნებში მასალებისა და აღჭურვილობის მარაგი შეაფერხოს, რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, რომ კორონავირუსის დამარცხება მსოფლიო ძალისხმევას მოითხოვს.

”ჩვენ შევთანხმდით კომისიასთან, რომ საექსპორტო შეზღუდვები უფრო მეტად მოსალოდნელია, მაშინ თუ კომპანიები არ შეასრულებენ ევროკავშირთან აღებულ ვალდებულებებს”,- ამბობს გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი.

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის თქმით კი, იმის საპირისპიროდ რასაც ბრიტანული პრესა წერს, "ევროპა არ არის ეგოისტი კონტინენტი". 

ჰოლანდიის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ ექსპორტის შეზღუდვის საკითხი დღის წესრიგში დადგება, მისი ფართო შედეგები გათვალისწინებული იქნება.

”მიწოდებისა და წარმოების გლობალური ჯაჭვები ხელუხლებელი უნდა დარჩეს”,- ამბობს ჰოლანდიის პრემიერ-მინისტრი, მარკ რიუტე.

ბელგიის პრემიერ-მინისტრი იმედოვნებს, რომ შეზღუდვების გამოყენება საჭირო არ გახდება, თუმცა მისი თქმით, “კარგია, რომ მექანიზმი, როგორც უსაფრთხოების ზომა, ყოველი შემთხვევისთვის არსებობდეს.”

აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის შეზღუდვები არ შეეხება COVAX-პლატფორმას, გლობალურ ფონდს, რომელიც განვითარებად ქვეყნებს ვაქცინებს აწვდის. COVAX-ის ყველაზე დიდი დონორია ევროკავშირი, რომელმაც პლატფორმას ამ დროისთვის, 31 მილიონი დოზა ვაქცინა მიაწოდა.

ვაქცინების ექსპორტზე მკაცრი შეზღუდვის დაწესებით, ევროკავშირი მწარმოებლების პასუხისმგებლობის დაყენებას შეეცადა. ევროკომისიის პრეზიდენტმა, ფონ დერ ლაიენმა გამოყო AstraZeneca, რომელმაც პირველ კვარტალში ვერ შეძლო, ბლოკისვთის 10 მილიონი დოზის მიწოდება.  კომისიის ხელმძღვანელის თქმით, კომპანიამ უნდა შეასრულოს ევროკავშირის წინაშე აღებული ვალდებულებები, სანამ მას დოზების სხვაგან ექსპორტის უფლება მიეცემა.

მაშინ, როცა ვროპის ქვეყნების დიდ ნაწილში ეპიდსიტუაცია უარესდება, ბლოკში ვაქცინაციის მაჩვენებელი ჩამოუვარდება დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის ვაქცინაციის მაჩვენებელს. 

ამ ფონზე, ევროპა კვლავ კრიზისის ეპიცენტრი გახდა. დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ევროპული ცენტრის მონაცემებით, Covid-19-ით 25 მილიონზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა და თითქმის 600 000 ადამიანი გარდაიცვალა.

ბლოკის წინაშე არსებულმა პრობლემებმა 27 ქვეყნის ლიდერებს შორის ურთიერთობები დაძაბა. მათი დღევანდელი საუბარი გადაიზარდა კამათში იმის შესახებ, თუ როგორ უნდა განაწილდეს Pfizer-ის ვაქცინები, რომლებიც დაგეგმილზე ადრე მიიღეს. 

ქვეყნების ჯგუფმა, რომელსაც ავსტრია ხელმძღვანელობს, AstraZeneca-ს ვაქცინების მოლოდინში, უარი თქვეს Pfizer-ზე, თუმცა ახლა დანაკლისის შესავსებად დოზების უფრო დიდ ნაწილს ითხოვენ.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: იან ვიშარტი, ვიქტორია დენდრინო და კიარა ალბანეზი