გასულ წელს პანდემიის შესახებ ჩვენი დამოკიდებულება ყალიბდებოდა ვარაუდისგან, რომ რაღაც ეტაპზე ის დასრულდებოდა და ნორმალურ ცხოვრებას დავუბრუნდებოდით.
შეიძლება ითქვას, რომ ეს ვარაუდი არასწორია. Covid-19 შეიძლება ჩვენი მუდმივი მტერი გახდეს, ისევე როგორც გრიპი, თუმცა მასზე უარესი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ის საბოლოოდ დასრულდება, ჩვენი ცხოვრება შეუქცევადად შეიცვლება. „უკან“ ვერ დაბრუნდებით, ერთადერთი გზა არის წინ, მაგრამ კონკრეტულად საით?
პანდემიების უმეტესობა ქრება, როცა პოპულაცია ჯოგურ იმუნიტეტს აღწევს და პათოგენს გავრცელებისთვის ძალიან ცოტა დაუცველი სხეული ხვდება. ჯოგური იმუნიტეტის მიღწევა შესაძლებელია ბუნებრივი იმუნიტეტის კომბინაციით - ადამიანები, რომლებიც გამოჯანმრთელდნენ ვირუსისგან და აქვთ ანტისხეულები და ადამიანები, რომლებმაც იმუნიტეტი ვაქცინაციის შემდეგ გამოიმუშავეს.
თუმცა, Covid-19-ის შემთხვევაში, უკანასკნელი მოვლენების გათვალისწინებით, ჯოგურ იმუნიტეტს შესაძლოა ვერასოდეს მივაღწიოთ. ეს არის ვაშინგტონის უნივერსიტეტში კრისტოფერ მიურეისა და ლონდონის ჰიგიენისა და ტროპიკული მედიცინის სკოლის მეცნიერის, პიტერ პიოტის ანალიზის შედეგები.
წარუმატებლობის მთავარი მიზეზი ვირუსის ახალი ვარიანტების მუდმივი გაჩენაა. ისინი ახალი ვირუსების მსგავსად იქცევიან. სამხრეთ აფრიკაში ვაქცინის კლინიკურმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ პლაცებოს ჯგუფში მყოფ პირებს, რომლებიც დაინფიცირებული იყვნენ იმავე შტამის ვირუსით, არ ჰქონდათ იმუნიტეტი მისი მუტირებული ვარიანტების მიმართ და კვლავ დაინფიცირდნენ. მსგავსი ცნობები მოდის ბრაზილიიდანაც.
რჩება მხოლოდ ვაქცინაცია, რამაც გრძელვადიანი იმუნიტეტის გამომუშავება უნდა უზრუნველყოს. მართალია, დღეს ხელმისაწვდომი ვაქცინები გარკვეულწილად ეფექტურია ზოგიერთი ახალი შტამის მიმართ, მაგრამ ისინი დროთა განმავლობაში ვეღარ შეძლებენ ახალ ვარიანტებთან გამკლავებას.
ვაქცინების მწარმოებლები უკვე აქტიურად მუშაობენ ახალ ინექციებზე. კერძოდ, რევოლუციური mRNA ტექნოლოგიის საფუძველზე შექმნილი ვაქცინები უფრო სწრაფად განახლდება, ვიდრე ნებისმიერი ვაქცინა, მაგრამ შრატი მაინც უნდა შეიქმნას, საჭიროა მისი მიწოდება, გადაცემა და განაწილება.
ამ პროცესმა შეუძლებელია საკმარისად სწრაფად გაიაროს და მთელი პლანეტა დაფაროს. დიახ, ზოგიერთ ჩვენგანს შეუძლია მოიგოს ერთი ან ორი რეგიონალური რაუნდი ვირუსის წინააღმდეგ ერთი კონკრეტული პოპულაციის ვაქცინაციით - ისრაელის მსგავსად, მაგრამ ევოლუციას არ აინტერესებს სად შეასრულებს თავის საქმეს და ვირუსი ვრცელდება იქ, სადაც არავაქცინირებულ სხეულებს პოულობს, უჯრედებით, რომლებიც მას საშუალებას აძლევს გაამრავლოს მისი რნმ-ი. ამ პროცესში ვირუსი ზოგჯერ შეცდომებს უშვებს და ეს შეცდომა ახალ მუტაციად იქცევა.
ვირუსული ავატარები ჩნდება იქ, სადაც ხდება ინტენსიური გადაცემა. ბრიტანული, სამხრეთ აფრიკული და მინიმუმ ერთი ბრაზილიური შტამი, უკვე გახმაურდა, მაგრამ გავრცელდა ინფორმაცია ახალი ვარიანტების შესახებ, რომლებიც კალიფორნიაში, ორეგონში და სხვაგან გამოჩნდნენ.
აქედან გამომდინარე, უნდა ვივარაუდოთ, რომ ვირუსი უკვე სწრაფ მუტაციას განიცდის ბევრ ღარიბ ქვეყანაში, რომლებსაც ჯერ არ მიუღიათ ინექციები. გასულ თვეში გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტიერესმა შეახსენა მსოფლიოს, რომ ვაქცინაციის 75% მხოლოდ 10-მა ქვეყანამ მიიღო, ხოლო 130 სხვა ქვეყანას ვაქცინის დოზა საერთოდ არ ჰქონდა.
პათოგენის ევოლუცია არც გასაკვირი და არც ავტომატურად შემაშფოთებელია. ერთ-ერთი ხშირი შემთხვევაა ის, რომ დროთა განმავლობაში ვირუსი უფრო გადამდები, მაგრამ ნაკლებად დამაზიანებელი ხდება. თუ Covid-19 გაივლის ამ გზას, ის საბოლოოდ კიდევ ერთ ჩვეულებრივ გაციებად იქცევა.
თუმცა, Covid-19 ასე არ იქცევა. ჩვენთვის ცნობილი ვარიანტები უფრო გავრცელებადი, მაგრამ არანაკლებ ლეტალური გახდა. ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით, ეს ყველაზე ცუდი ამბავია.
განვიხილოთ ორი ალტერნატიული ევოლუციური გზა. ერთში, ვირუსი უფრო მძაფრდება, მაგრამ არა გადამდებობის თვალსაზრისით. ეს უფრო მეტ დაავადებასა და სიკვდილს გამოიწვევს, მაგრამ ზრდა სწორხაზოვანია. სხვა შემთხვევაში, მუტაციური ვირუსი ხდება არც მეტად და არც ნაკლებად მომაკვდინებელი, მაგრამ უფრო გადამდები. ეს გამოიწვევს დაავადების და სიკვდილის ზრდას, რომლებიც ექსპონენციალურია.
თუ ეს Covid-19-ის ევოლუციური ტრაექტორია, ჩვენ აფეთქებებისა და რემისიების დაუსრულებელ ციკლში ვხვდებით, რაც ნიშნავს მუდმივ ლოქდაუნებს და ხელახლა გახსნას.
დიდწილად, Covid-19-ი შედარებით მსუბუქი პანდემიაა. მე-16 საუკუნეში, ყვავილის ვირუსმა ამერიკაში 10-დან 9 ადამიანი იმსხვერპლა. შავმა ჭირმა ხმელთაშუაზღვის მოსახლეობის ნახევარზე მეტი მოკლა. ამ დროისთვის, მსოფლიოში კორონავირუსით ყოველი 10 000 ადამიანიდან ოთხზე ნაკლები გარდაიცვალა. ჩვენი მეცნიერებისა და ტექნოლოგიების წყალობით, ისე ვართ შეიარაღებული, როგორც ჩვენი წინაპრები არასდროს ყოფილან.
ამასთან, უნდა ვიყოთ რეალისტები. მდგრადობა მოითხოვს, რომ ახალი სცენარი დაგეგმვის პროცესში ავსახოთ. კარგი ამბავია ის, რომ ჩვენ უკეთ ვპასუხობთ გამოწვევებს და ლოქდაუნის დროს უფრო ნაკლებად ვაზიანებთ ეკონომიკას, ვიდრე თავდაპირველად. ჩვენ შეიძლება შევქმნათ იმგვარი მეცნიერული მიღწევები, რაც საბოლოოდ ცხოვრებას გააუმჯობესებს. ჩვენი ახალი სამყარო არ უნდა იყოს დისტოპიური, მაგრამ ის არაფრით იქნება ძველი სამყაროს მსგავსი.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ანდრეას კლუტი