LIVE

AstraZeneca: ახალი კვლევით, ვაქცინის ეფექტიანობა 76%-ია

25 მარ 202112:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 1184
AstraZeneca: ახალი კვლევით, ვაქცინის ეფექტიანობა 76%-ია
I-Hwa Cheng/Bloomberg

ახალი კვლევის მიხედვით, AstraZeneca-ს ეფექტიანობის მაჩვენებელი 76%-მდე შემცირდა, თუმცა მძიმე და კრიტიკული შემთხვევებისგან ვაქცინა კვლავ 100%-იან ეფექტიანობას ინარჩუნებს. 

ამასთან, ახალი კვლევით, ვაქცინამ 65 წლისა და ზემოთ ასაკის პირებში დაავადების განვითარების რისკი, 80%-ის ნაცვლად, 85%-ით შეამცირა.  

კომპანიამ ახალი მონაცემები მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც დამოუკიდებელი მონიტორინგის საბჭომ გაავრცელა მოსაზრება, რომ წინა პერიოდის კვლევის მონაცემები, რომლის მიხედვითაც ვაქცინა 79%-იან ეფექტიანობას აჩვენებდა, მოძველებულ ინფორმაციას ეყრდნობოდა. 

კომპანიის თქმით, დამატებით გასაანალიზებელია 14 სავარაუდო შემთხვევა, რამაც შესაძლოა, კვლევის შედეგები მცირედით შეცვალოს. 

”პირველადი ანალიზი შეესაბამება ჩვენს მიერ ადრე გამოქვეყნებულ შუალედურ ანალიზს და ადასტურებს, რომ ჩვენი COVID-19-ის ვაქცინა ძალიან ეფექტიანია ზრდასრულებში, მათ შორის 65 წელს გადაცილებულ პირებში,”- ამბობს კომპანიის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი ბიოფარმაცევტული საშუალებების კვლევისა და განვითარების მიმართულებით, მენე პანგალოსი.

 ვაქცინას უსაფრთხოდ და ეფექტიანად მიიჩნევენ ჯანდაცვის ექსპერტები: ”როგორც ჩანს, ძალიან ეფექტური ვაქცინაა, რომელსაც უსაფრთხოების მხრივ, პრობლემა არ გააჩნია”, - ამბობს ქვინსლენდის უნივერსიტეტის პროფესორი, პოლ გრიფინი.

მონაცემების ცვლილებამ შესაძლოა, ამერიკაში ვაქცინის დამტკიცება შეაფერხოს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ჯეიმს პატონი და მიშელ ფეი კორტეზი