LIVE

ევროკავშირიდან ვაქცინის ექსპორტის წესები მკაცრდება

24 მარ 202112:49
3 წუთის საკითხავი
clock clock 2978
ევროკავშირიდან ვაქცინის ექსპორტის წესები მკაცრდება
Reuters

ევროკავშირიდან ვაქცინის ექსპორტი შესაძლოა, მნიშვნელოვან წინააღმდეგობებს წააწყდეს იმ მკაცრი რეგულაციების გამო, რომელიც ბლოკმა დააწესა. ექსპორტის წესების ჩამონათვალი დღეს გამოქვეყნდება.

ევროკავშირის ამჟამინდელი საექსპორტო რეჟიმი იძლევა გარანტიას, რომ 90-მდე ქვეყნაში ვაქცინის მიწოდება არ შეფერხდება და ასევე, სთავაზობს დაცვას ისეთი კომპანიებს, როგორიცაა Pfizer-ი და Moderna, რომლებიც ასრულებენ თავიანთ ვალდებულებებს ევროპაში. ევროკავშირის მაღალი რანგის ოფიციალური წარმომადგენლის აზრით, ბრიუსელში მკაცრი შეზღუდვების შემუშავებით, ამ ორივე გამონაკლისის გაუქმება შეიძლება.

ახალმა შეზღუდვებმა შესაძლოა, გავლენა იქონიოს ქვეყნებზე სპარსეთის ყურიდან კანადამდე, რადგან ევროკავშირი ვაქცინების ერთ-ერთი უდიდესი მწარმოებელია. ეს ნაბიჯი მიწოდების ბრძოლაში ევროკავშირის განახლებულ ესკალაციაზე მიანიშნებს. ვაქცინების მიწოდების შეფერხების მთავარი სამიზნე გაერთიანებული სამეფოა.

ჯერჯერობით ევროპული ძალისხმევა კონცენტრირებულია AstraZeneca-ზე, რომელმაც ვერ შეძლო პირველი კვარტლისთვის დაპირებული დოზების ნახევარზე მეტის მიწოდება. ბლოკმა დაიწყო მოლაპარაკებები დიდ ბრიტანეთთან იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა გაიყოს Astra-ს წარმოება ახალი ქარხნიდან, რომელიც უახლოეს რამდენიმე კვირაში ამოქმედდება ნიდერლანდებში.

ევროკავშირი ბრიტანეთს ვაქცინის მიწოდების დაბლოკვით უკვე ემუქრება, თუ მხარეები შეთანხმებას ვერ მიაღწევენ.

ბორის ჯონსონმა ლონდონში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ყველა ქვეყანა „ერთსა და იმავე პანდემიას ებრძვის“ და მისი მთავრობა „გააგრძელებს ევროპელ პარტნიორებთან მუშაობას ვაქცინის გასავრცელებლად“.

„ჩვენ არ გვჯერა ვაქცინების ან ვაქცინაციის მასალების ბლოკირების. ეს არ არის ისეთი რამ, რაზეც ამ ქვეყნად შეიძლება ვინმე ოცნებობდეს. მე მამხნევებს რამდენიმე რამ, რაც კონტინენტისგან ამავე თემაზე მოვისმინე“.

ევროკავშირში კი ვირუსის გავრცელებისა და სიკვდილიანობის ზრდის ახალი ტალღის გამო შეშფოთება იზრდება, რაც ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფ ეკონომიკას, კიდევ უფრო დიდ დარტყმას მიაყენებს. გერმანიაში, იტალიასა და საფრანგეთში მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები დაწესდა. ჰოლანდიის პრემიერ-მინისტრმა მარკ რუტემ სამშაბათს შეზღუდვები 20 აპრილამდე გაახანგრძლივა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ნიკოს ქრიზოლორასი და ვიქტორია დენდრინო