LIVE

ავტომობილების ბიზნესში არაფორმალური სექტორის წილი 30%-ია

23 მარ 202116:55
3 წუთის საკითხავი
clock clock 1092

საქართველოს საავტომობილო ბიზნესში თითქმის მილიარდი ლარი არაფორმალურ სექტორზე მოდის მაშინ, როდესაც ფორმალური სექტორი 3 მილიარდ ლარამდეა. 

Galt & Taggart-ის საავტომობილო ბიზნესის კვლევის მიხედვით, 2020 წელს ავტომობილების ბიზნესის მთლიანი ზომა 3.8 მლრდ ლარი იყო. სექტორში საკმაოდ მაღალია არაფორმალური აქტივობის წილი, რომელიც მთლიანი ბაზრის დაახლოებით 30%-ს შეადგენს. ამას ის განაპირობებს, რომ ავტომობილებით ბევრი ფიზიკური პირი ვაჭრობს, ამასთან ფართოდაა გავრცელებული მეორადი ავტონაწილების ბაზრობები. 

ბრუნვის მაჩვენებელი ბევრად მეტი იყო კრიზისის დაწყებამდე - კვლევის ავტორების შეფასებით, 2019 წელს ავტომობილების ბიზნესში არაფორმალური აქტივობების ბრუნვამ 1.7 მილიარდი ლარი შეადგინა.

„როცა ბიზნესში ჩართულები არიან ფიზიკური პირები, რომლებიც, თვეში საშუალოდ, 5-10 მანქანას ყიდიან, აღრიცხვა საკმაოდ რთულია. უნდა მოხდეს ამ პირების დარეგისტრირება ინდივიდუალურ მეწარმეებად ან შპს-ებად, რაც დაგვეხმარება ჩრდილოვანი ნაწილის შეფასებაში. თუმცა ეს ასე ადვილად არ მოხერხდება. ეს ნაწილი, რომელიც არ აღირიცხება, არის დამალული გადასახადების წყარო, რაც აკლდება ბიუჯეტს და საბოლოო ჯამში, საკმაოდ მსხვილი თანხაა, რადგან მთლიანად სექტორი, დაახლოებით, 4 მილიარდი ლარია, 2020 წლის მონაცემებით“, - განმარტავს Galt & Taggart-ის ანალიტიკოსი თათია მამრიკიშვილი.

ამავე კვლევის მიხედვით, საქართველოს ავტოპარკი ერთ-ერთი ყველაზე ძველია რეგიონში. ავტომობილების 75%-ი 14 წელზე მეტი ასაკისაა. ახალი, 0-2 წლამდე ავტომობილების წილი კი მხოლოდ ერთი პროცენტის ფარგლებშია. დაბალი მსყიდველუნარიანობის გამო, ადგილობრივი მოსახლეობა კვლავაც მეორად, ეკონომიურ მანქანებს ანიჭებს უპირატესობას, განსაკუთრებით ჰიბრიდებს, რომლებიც განბაჟების დროს გარკვეული შეღავათითაც სარგებლობენ თუკი ავტომობილი 0-6 წლამდე პერიოდშია გამოშვებული.