Covid-19- ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შემდეგ, ადამიანები უსაფრთხოდ ივახშმებენ, იფრენენ, დაესწრებიან კონცერტებსა და ივარჯიშებენ სავარჯიშო დარბაზებში, გადაკვეთენ საზღვრებს და გადაადგილდებიან თავისუფლად. ისმის კითხვა, როგორ შეეძლებათ მათ იმის დემონსტრირება, რომ Covid-19-ის აცრა გაკეთებული აქვთ? ეს "ვაქცინის პასპორტის" მეშვეობით მოხდება, რომელიც შესაძლოა, სმარტფონის აპლიკაციის სახითაც არსებობდეს.
ისრაელის, გაერთიანებული სამეფოს, ევროკავშირის და სხვა ქვეყნების მთავრობები ასეთ ციფრულ დოკუმენტებს, კერძო ორგანიზაციებთან ერთად, უკვე ქმნიან. აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი კი ჯერ კიდევ გადაწყვეტის პროცესშია, უნდა ჰქონდეს თუ არა აშშ-ს "ვაქცინის პასპორტი."
"ვაქცინის პასპორტს" ჰყავს მოწინააღმდეგეებიც. მისი კრიტიკოსები, მათ შორის "ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია", შიშობენ, რომ ასეთმა პასპორტმა შეიძლება გააუარესოს უთანასწორობა, შელახოს კონფიდენციალურობა ან უბრალოდ კარგად არ იმუშაოს. ეს პრობლემები, ცხადია, უნდა გადაიჭრას, მაგრამ პოსტ-კოვიდიური რეალობის ნორმალურ ცხოვრებასთან დასაბრუნებლად, სასარგებლო იარაღისთვის ვეტოს დადება, მიზანშეწონილი ვერ იქნება.
რაც შეეხება უთანასწორობას, "ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის" ჯანდაცვის გადაუდებელი საჭიროებების ხელმძღვანელი, მაიკლ რაიანი ამბობს, რომ მსოფლიოში ვაქცინა საკმარისად ხელმისაწვდომი არ არის. მისი თქმით, ამის გამო "ვაქცინის პასპორტებმა", შესაძლოა, ამ უთანასწორობის კიდევ უფრო სისტემური ასახვის საფრთხე გააჩინოს.
ეჭვგარეშეა, რომ ვაქცინის გავრცელება უნდა განხორციელდეს სამართლიანობის გათვალისწინებით და უნდა ვიზრუნოთ იმაზეც, რომ პასპორტებმა ეს არ გაართულოს. ვაქცინაციის მტკიცებულება შეიძლება სხვადასხვა ფორმით იყოს მიწოდებული, ისე, რომ ადამიანები, რომლებსაც სმარტფონი არ აქვთ, არ იყვნენ გარიყულები ამ პროცესიდან. მაგრამ აქ მთავარია, ვაქცინების რაც შეიძლება სწრაფად და სამართლიანად გადანაწილება, როგორც ქვეყნებს შიგნით, ასევე გლობალურად. მეორე მხრივ, გადაადგილების თავისუფლების უარყოფა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ვაქცინაციის შემდეგ, მცირე საფრთხეს უქმნიან საკუთარ თავს და სხვებს, სხვა სახის უსამართლობას აჩენს. რის საფუძველზე უარვყოფთ ადამიანების საქმიანობას და სხვებთან კონტაქტს, თუ რისკი მცირეა?
კონფიდენციალურობა კიდევ ერთი საკითხია. ხალხი წინააღმდეგობას უწევს უცხო ადამიანებისთვის პირადი სამედიცინო მონაცემების გამჟღავნებას. ამ შემთხვევაში, "ვაქცინის პასპორტში" შეიძლება ითქვას, რომ ადამიანი თავისუფალია Covid-19-ისგან ან დაცულია მისგან ტესტების, აცრების, ან ჯანმრთელობის სხვა დეტალების გამჟღავნების გარეშე. ისევე, როგორც საკრედიტო ბარათებით, საბანკო ანგარიშის ან საკრედიტო ისტორიის გამოვლენის გარეშე, შეგიძლიათ შეიძინოთ ნივთები. "ვაქცინის პასპორტების" კონფიდენციალურობისა და სიზუსტის ასეთი სტანდარტები, მთავრობებმა უნდა უზრუნველყონ.
მაგალითისთვის განვიხილოთ CommonPass, ციფრული ვაქცინის პასპორტი, რომელიც არაკომერციული Commons Project-ისა და World Economic Forum-ის მიერ მზადდება. ის შეძლებს მომხმარებლების ვაქცინაციის ჩანაწერებთან და ლაბორატორიის შედეგებთან წვდომას გაყალბებისგან დასაცავად და ინფექციის სტატუსის დადასტურებას დეტალების გამოვლენის გარეშე მოახდენს. პასპორტებს უნდა ჰქონდეთ მარტივი, დიახ ან არა პასუხის გაცემის ფუნქცია კითხვაზე: "აკმაყოფილებს თუ არა ეს ადამიანი ამ დაწესებულების Covid-თან დაკავშირებულ შემოსვლის მოთხოვნებს?"
მიუხედავად ამისა, მაინც არსებობს კითხვა ნამდვილად იმუშავებენ თუ არა პასპორტები ისე, როგორც გამიზნულია? რა თქმა უნდა, ისინი ვერ გასცემენ იმის გარანტიას, რომ ვინმე თავისუფალია ვირუსისგან ან დაცულია ინფექციისგან, რადგან ტესტები და ვაქცინები თავად ვერ უზრუნველყოფენ სრულ დაცვას. კორონავირუსით ინფიცირებულმა შეიძლება ადრეულ ეტაპზე ტესტზე უარყოფითი პასუხი მიიღოს, აცრილი ადამიანი კი ინფიცირების მცირე რისკს მაინც ინარჩუნებს.
ამასთან, სამედიცინო მეცნიერებამ ჯერ კიდევ არ იცის, შეუძლიათ თუ არა ვაქცინირებულებს ვირუსის გადაცემა, ან რამდენ ხანს გაგრძელდება ვაქცინის დაცვის ეფექტი. ამის მიუხედავად, პასპორტებში შეიძლება აღინიშნოს, რომ მისი მფლობელები დაცულები არიან მძიმე ავადობისა ან სიკვდილისგან და რომ ნაკლები შანსია მათი მეშვეობით სხვა ადამიანების დაინფიცირება მოხდეს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რისკები, რომლებსაც ისინი საკუთარ თავს და სხვებს უქმნიან საკმაოდ დაბალია - თუ ისინი ნიღბებს ატარებენ და დაავადების კონტროლის ცენტრის მიერ რეკომენდებულ პრევენციის სხვა ზომებს დაიცავენ.
გაითვალისწინეთ, "ვაქცინის პასპორტები" ასევე დროებითია. მას შემდეგ, რაც მოსახლეობა უფრო ფართოდ აიცრება და Covid-19 გაქრება, მსოფლიოს კვლავ შეეძლება მათ გარეშე ფუნქციონირება. იქამდე კი, "ვაქცინის პასპორტებს" შეუძლიათ ხელი შეუწყონ ფართო ვაქცინაციას და საშუალება მისცენ ავიაკომპანიებს, რესტორნებს, ოფისებსა და სხვა ბიზნესებს, სწრაფად და უსაფრთხოდ დაბრუნდნენ ცხოვრების ჩვეული რიტმს.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: Bloomberg-ის სარედაქციო საბჭო