LIVE

კრიპტოაღმასვლასთან ერთად მთავრობებს თავსატეხი ურთულდებათ

23 მარ 202116:18
3 წუთის საკითხავი
clock clock 1623
კრიპტოაღმასვლასთან ერთად მთავრობებს თავსატეხი ურთულდებათ
Bloomberg

საუკუნეების განმავლობაში, მთავრობების მიერ გამოშვებული ფული გლობალურ ეკონომიკას აცოცხლებს - ადამიანები ვალუტაში ზოგავენ, იხდიან და აწარმოებენ ანგარიშებს, ერები კი მისი მეშვეობით ზომავენ საკუთარ სიმდიდრეს და პოლიტიკურ გავლენას. თუმცა, ციფრულ ერაში, სიტუაცია იცვლება - ეს მოდელი ძლიერ და პოსტმოდერნისტულ კონკურენციას განიცდის. კრიპტოვალუტების გამო, რომლებიც ასობით მილიარდ დოლარს იზიდავენ სპეკულაციური ინვესტიციის სახით.

როგორ უნდა უპასუხონ ამ ტენდენციას ტრადიციული ვალუტების გამომცემლებმა? ერთი სიტყვით, რომ ვთქვათ: ფრთხილად. ფინანსური სექტორის მარეგულირებლებმა  უნდა დაიცვან ბალანსი ინოვაციების წახალისებასა და ზიანის თავიდან აცილებას შორის. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია,  გლობალურ ბაზარზე კონკურენციის გასაწევად, მათ უნდა გააუმჯობესონ საკუთარი პრუქტი, ანუ ნაღდი ფული.

ფული სხვადასხვა ფორმით არსებობს, მაგრამ არცერთი არ არის იდეალური. ბანკნოტი და მონეტა იძლევა პირისპირი, მარტივი ტრანზაქციების საშუალებას და მსყიდველუნარიანობის ძირითადადი მარაგია, მაგრამ მათი დიდი რაოდენობით შენახვა ძვირი ჯდება და და დისტანციურ ოპერაციებისთვის არ გამოდგება. საბანკო დეპოზიტები, საკრედიტო და სადებეტო ბარათებთან ერთად, უფრო მოსახერხებელია, მაგრამ მაინც ნაკლოვანი. მათ ხშირად დიდი საკომისიოები მოჰყვება და რადგან მათზე პასუხისმგებელი მთავრობა არ არის, რისკის ელემენტსაც შეიცავს. ისინი ისეთ ინსიტუტებზეა მიბარებული, რომლებიც ყოველთვის ვერ ახერხებენ საზოგადოების ნდობის შენარჩუნებას. 2008 წლის ფინანსურმა კრიზისმა ხანგრძლივი დაღი დაასვა საბანკო სისტემის მიმართ ნდობას - ეს ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც მიმოქცევაში ნაღდი ფულის წილი გაიზარდა.

აქ შემოდის ბიტკოინი, პირველი კრიპტოვალუტა. 2008 წელს მისმა შემქმნელმა, ანონიმმა სატოში ნაკამოტომ ელექტრონული ფულის სისტემა აღწერა, რომელიც უკვე არსებულ არხებს მიღმა იფუნქციონირებდა და არ დასჭირდებოდა ცენტრალური მარეგულირებლის ან სხვა მსგავსი ინსტიტუციების ნდობა. მისი კომპიუტერული პროტოკოლი შექმნიდა ციფრულ ტოკენებს, ხოლო ტრანზაქციებს ნებაყოფლობითი ქსელი, ანუ ბლოკჩეინი აღრიცხავდა, რისთვისაც გამოიყენებდა მაღალი სიმძლავრის კრიპტოგრაფიას მეტი სიზუსტისთვის, დაცულობისთვის და ანონიმურობისთვის. ქაღალდის ფულის ან სადეპოზიტო გადარიცხვების ნაცვლად, ადამიანები თანხას გაცვლიდნენ კერძო ალფანუმერული კოდების გამოყენებით, რომელიც დაადასტურებდა ბიტკოინის ფლობას.

ამის შემდეგ ათ წელზე მეტი გავიდა და ბიტკოინი იმაზე წარმატებულია, ვიდრე ამას მისი შემქნელები თუ შექმნელი იფიქრებდა. და მაინც, ის არ ფუნქციონირებს როგორც ფული. მისი ფასის მუდმივი და მკვეთრი მერყეობა მას ღირებულებას უკარგავს. ადვილია მისი დაკარგვაც, პირდაპირი მნიშვნელობით, რადგან კრიპტოვალუტის 20% ისეთ ელექტრონულ საფულეებშია შენახული, რომელთა მფლობელებმა ციფრული გასაღები დაკარგეს.  გარდა ამისა, ბიტკოინი არ არის ანგარიშსწორების საუკეთესო საშუალება გადახდებისთვის, რადგან მას ბევრ ობიექტში არ იღებენ, ხოლო ტრანზაქციები ხშირად ნელა მიმდინარეობს და ძვირი ჯდება.  და ბოლოს, ის არაეკომეგობრულია: ბიტკოინის მოსაპოვებლად საჭირო კომპიუტერული პროცესები დაახლოებით იმდენ ელექტრო ენერგიას მოიხმარს, რამდენსაც საშუალო ზომის ეკონომიკა. 

ამ ერთი შეხედვით საბედისწერო დეფექტებმა ხელი ვერ შეუშალა კრიპტოვალუტების კულტურულ და ფინანსურ ფენომენის ჩამოყალიბებას. ისინი ერთგვარ რევოლუციურ თუ რელიგიურ მოძრაობასაც კი დაემსგავსნენ, რომელიც მომავალს დეცენტრალიზებულ ქსელებად ხატავს, განსხვავებული ფულით, კომპანიებით, მთავრობებით და საზოგადოებით. ეს  კრიპტო რწმენა გაძლიერდა ჰიპერ-სპეკულაციურ საცალო ტრეიდერებშიც, რასაც ხელი შეუწყო ელონ მასკის მხარდაჭერამ და Tesla-ს $1.5 მილიარდიანმა ინვესტიციამაც. ბიტკოინის ჯამურმა საბაზრო ღირებულებამ ცოტა ხნის წინ $1 ტრილიონს მიაღწია. დოგეკოინიც კი, რომელიც სრულიად ხუმრობის მიზნით შეიქმნა, საბაზრო ღირებულებით 10 მილიარდ დოლარს აღწევს. 

ეს მაჩვენებლები  ფინანსური და პოლიტიკური ისტებლიშმენტის წინააღმდეგობას ანადგურებს. თუკი თავიდან მთავარი მიზანი კრიპტოვალუტების ფინანსური სფეროდან განდევნა იყო, ახლა Wall Street-ის დიდი ბანკები ბიტკოინს და მასთან დაკავშირებულ სერვისებს უკვე სთავაზობენ ინვესტორებს; მაიამის მერს იდეა აქვს, რომ ქონების გადასახადის გადახდა შესაძლებელი იყოს ბიტკოინით, Mastercard კი კრიპტოვალუტებით გადახდების დანერგვას გეგმავს. არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო ის ფაქტი, როცა Coinbase-მა, წამყვანმა კრიპტობირჟამ, რომელმაც შარშან 300 მილიონ დოლარზე მეტი შემოსავალი მიიღო, აქციების საჯარო განთავსება გადაწყვიტა, რის შედეგადაც მისმა ღირებულებამ შესაძლოა 100 მილიარდ დოლარს მიაღწიოს.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ფინანსური სამყაროს გარდაქმნის ნაცვლად, კრიპტოვალუტები სპეკულაციური აქტივების კლასად იქცნენ, კოლექტიური წარმოსახვის პროდუქტად, რომელსაც  რეალურ ეკონომიკასთან კავშირი არ აქვს. მიუხედავად ამისა, რაც უფრო მეტი ადამიანი და ინსტიტუცია ერთვება ამ პროცესში, მით უფრო რეალური იქნება შედეგები. მარეგულირებელი ორგანოები ვალდებულნი არიან ყურადღება გაამახვილონ, რადგან კრიპტოვალუტის არასტაბილურობა შეიძლება ფინანსურ სტაბილურობას დაემუქროს.

სახელმძღვანელო მითითებები საჯარო პოლიტიკისთვის კი ასეთია:

ნუ ჩაახშობ ინოვაციას. კრიპტოვალუტებმა და ბლოკჩეინმა ვერ შეასრულეს თავდაპირველი დანიშნულება, მაგრამ მათ შესაძლოა ჯერ კიდევ აქვთ საინტერესო და მნიშვნელოვანი განვითარების შესაძლებლობა. მაგალითად, ბლოკჩეინის ფუნქციამ, შექმნას უნიკალური და უცვლელი ციფრული ჩანაწერები, ხელი შეუწყო უნიკალური კოლექციების მზარდი ბაზარს ხელოვნების, სპორტის და მუსიკის სფეროებში. მისმა დეცენტრალიზებულმა მმართველობამ ხელი შეუწყო ახალი ტიპის სოციალური მედიის შექმნას, როგორიცაა Minds და LBRY. ხელისუფლებებმა უნდა გამოიჩინონ მოთმინება - მეწარმეებს მისცენ სივრცე იმისთვის, რომ გამოცადონ ახალი მიდგომები, ვიდრე სრულ რეგულირებას გადაწყვეტენ, რადგან ასე შეიძლება გააქრონ იდეები, რომლებიც შესაძლოა სასარგებლო იყოს მსოფლიოსთვის. 

ფრთხილად იყავით ბაზრებთან. მარეგულირებლის ამოცანა არ არის შეაჩეროს სარისკო ინვესტიციები, მაგრამ მათ უნდა უზრუნველყონ ადამიანების ინფორმირება, თუ რა რისკების წინაშე დგანან კონკრეტული გადაწყვეტილებებით, რათა დაიცვან საკუთარი თავი და არ დააზარალონ სხვები. 

უკეთესი ალტერნატივა. კრიპტოვალუტების უდაოდ დადებითი მხარე ის არის, რომ  მათ წარმოაჩინეს ფულის ნაკლოვანება: სინამდვილეში, არ არსებობს ნაღდი ფულის ნამდვილად ციფრული ვერსია. ისეთი, რომელიც მთავრობისგან დამოუკიდებელი, ადვილად გადასაადგილებელი და უნივერსალურად ხელმისაწვდომია.

რა თქმა უნდა, ასეთი რადიკალური ინოვაცია რისკს შეიცავს. ცენტრალური ბანკის სრულფასოვანი ციფრული ვალუტა ტრადიციული ბანკების ბიზნეს მოდელს დაარღვევს. თუ ხალხი შეძლებს მთავრობის მიერ გაცემული ფულის პირდაპირ ფლობას - რაც ცენტრალურ ბანკში ანგარიშის გახსნის ტოლფასია - შესაძლოა დეპოზიტები საერთოდ გააუქმონ, რაც საბანკო სისტემის დაფინანსების ძირითად წყაროდ რჩება დღემდე. კოლაფსის თავიდან ასაცილებლად ცენტრალურ ბანკებს მოუწევთ ფრთხილი გადაწყობა - პირდაპირი მფლობელობისთვის ლიმიტების დაწესების გზით, ბანკების შუამავლობის შენარჩუნებით ან ბანკებისთვის ალტერნატიული დაფინანსებით მოძიებით.

შემდეგ მოდის კონფიდენციალურობის საკითხი. ციფრული ვალუტა, განსხვავებით ნაღდი ფულისგან, საშუალებას მისცემს მთავრობებს თვალყური ადევნონ რას, სად და როგორ ხარჯავენ ადამიანები - განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს ჩინეთი, რომელიც უკვე გადასულია საკუთარი ციფრული ვალუტის გამოცდაზე. თვალთვალთან და მიყურადებასთან დაკავშირებული შიშების გასანეიტრალებლად, ცენტრალურ ბანკებს მოუწევთ უზრუნველყონ ანონიმურობის ხარისხი, თუმცა ამასთან ერთად, შეინარჩუნონ წვდომა ოპერაციების გარკვეულ კატეგორიაზე კრიმინალების გამოსავლენად და ფულის გათეთრების წინააღმდეგ საბრძოლველად.

პარალელურად, ცენტრალური ბანკის ციფრულ ვალუტას სარგებელიც ბევრი შეიძლება ჰქონდეს. მან შეიძლება ხელი შეუწყოს კომერციას, ხოლო ფინანსური მომსახურება ხელმისაწვდომი გახადოს მილიონობით ადამიანისთვის, რომელიც ამჯამად არ/ვერ სარგებლობს საბანკო სერვისებით. ცენტრალური ბანკის კრიპტოვალუტამ შეიძლება გააუმჯობესოს გადასახადების ადმინისტრირება, ხოლო ეკონომიკური მაჩვენებლები გახადოს უფრო დროული და ზუსტი. მას ასევე შეუძლია უზრუნველყოს ახალი და ძლიერი ინსტრუმენტები რეცესიასთან ბრძოლისა და ინფლაციის კონტროლისთვის.

დაბოლოს, კრიპტოვალუტის მემკვიდრეობის სახით შეიძლება დაგვრჩეს ფულის უკეთესი ვერსია. თუ ეს ასე მოხდება, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს კრიპტო აურზაური - რომ არაფერი ვთქვათ  დანაკარგებზე - ამად ღირდა.

Bloomberg-ის სარედაქციო კოლეგია