როდესაც რუსული ინტერნეტ ცენზორი, "როსკომადზორი" Twitter-ს დაბლოკვით ემუქრება, მან კარგად იცის, რომ არ ფლობს საკმარის ტექნოლოგიებს ამის განსახორციელებლად. ტექნიკურად, ჩინურ ინტერნეტსაც კი არ შეუძლია არასასურველი სერვისების დაბლოკვა, თუმცა ჩინეთის ცენზურის სისტემა სხვა საშუალებებს იყენებს. რუსეთი მიისწრაფვის ამ სახის ეფექტურობისკენ და გარკვეულ წარმატებასაც აღწევს, რაც გასულ კვირას Apple-ის წინააღმდეგ გამარჯვებაში გამოიხატა.
სამთავრობო ცენზორისთვის არ არის მარტივი პოპულარული ინტერნეტ რესურსის დაბლოკვა. არცერთი ტექნოლოგიური ხერხი მუშაობს სრულყოფილად და ზოგი საშუალება ისეთი არაეფექტურია, რომ ცენზორს სასაცილო მდგომარეობაში აყენებს. რუსეთში შექმნილი და ამჟამად საერთაშორისო მესენჯერის, Telegram-ის წინააღმდეგ ორი წლის მანძილზე მიმდინარე თავდასხმების შემდეგ, ისინი იძულებულნი გახდნენ ამ სერვისის დაბლოკვის მცდელობები შეეწყვიტათ.
მიუხედავად იმისა, რომ Twitter-ს არ უბრძოლია, "როსკომნადზორის" მცდელობამ, რომ შეენელებინა ამ სერვისის სიჩქარე, არეულობა გამოიწვია. Telegram-ზე თავდასხმების შემდეგ, რუსეთის ინტერნეტ ცენზორი ტექნოლოგიურად უფრო განვითარდა და ამჟამად ჩინური ტრეფიკის ფილტრების მეთოდებს იყენებს, თუმცა აღმოჩნდა, რომ შესაბამისი ფილტრების გამოყენება საკმაოდ პრობლემატურია. Twitter-თან მიმართებაში საძიებო სისტემაში “t.co” დომეინის შენელებამ გამოიწვია სამთავრობო პროპაგანდისტული ვებ-გვერდის Russia Today-ს შენელება.
რა შეუძლიათ ჩინელებს გააკეთონ, რასაც რუსები ვერ იზამენ? რეალურად, ბევრი არაფერი. ჩინური ინტერნეტის კონტროლის და ფილტრაციის სისტემას შესაძლოა გვერდი აუარონ კერძო ვირტუალური ქსელების (VPN) გზით, მიუხედავად ჩინეთის მთავრობის აქტიური მცდელობებისა დაუპირისპირდეს VPN-ს. ჩინეთის ცენზორების შედარებით ეფექტურობას განსაზღვრავს ის გარემოება, რომ VPN სერვისის მოუხერხებლობის გამო, მომხმარებლების უმეტესობა ალტერნატიულ სერვისზე გადაერთვება. მასიურად, არ ხდება უცხოური სოციალური ქსელების, ან საძიებო სისტემის გამოყენება მაშინ, როდესაც მათი ჩინური ანალოგები არსებობს. ჩინეთში ათივე ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელი ჩინური პროდუქტია. ჩინელ ცენზორებს არ სჭირდებათ წინასწარ იმის გამოცხადება, რომ რომელიმე პლატფორმის, ან კონკრეტული კონტენტის დაბლოკვას აპირებს, როგორც "როსკომნადზორი" იქცევა. ჩინეთში, ტექნოლოგიურ ინსტრუმენტებზე მეტად მუშაობს: არათანაბარი კონკურენცია, ადგილობრივი კომპანიების ღია მხარდაჭერა მთავრობის მხრიდან და დასავლეთის ფინანსური ბაზრების მიერ ამ კომპანიების მიღება.
რუსეთს არ გააჩნია ეს სამი უპირატესობა. რუსეთში ყველაზე პოპულარული 10 სოციალური მედიის პლატფომიდან, მხოლოდ სამია რუსული წარმოშობის. როგორც არ უნდ ეცადოს რუსეთი, ის ვერასდროს შეძლებს ჩინურ სოციალური პლატფორმების ფინანსურ შესაძლებლობებთან გატოლებას. მას ჩინეთის მოსახლეობის 10% აქვს, მაგრამ ყველაზე დიდი რუსული სოციალური კონგლომერატის საბაზრო კაპიტალიზაცია 6 მილიარდი დოლარია, რაც Tencent Holdings-ის (778 მილიარდი დოლარი) 1%-ზე ნაკლებია.
რუსეთს შეუძლია უცხოურ კომპანიებს, ადგილობრივებთან შედარებით, არათანაბარი კონკურენციის პირობები შეუქმნას და შეაფერხოს მათი გაფართოება რუსულ ბაზარზე.
დასავლური კომპანიების შევიწროება ასუსტებს კომპანიების პოზიციებს და აიძულებს მათ, რუსული აპლიკაციები დანერგონ. გასულ წელს, რუსეთში მიიღეს კანონი, რომლის თანახმად, უცხოური კომპანიები ვალდებულები არიან რუსული პროგრამული უზრუნველყოფა დააინსტალირონ იმ ტექნიკურ მოწყობილობებზე, რომელიც რუსულ ბაზარზე გაიყიდება. 18 მარტს Apple ამ პირობაზე დათანხმდა და ახალი iPhone-ის მომხმარებლებს რუსეთის მთავრობის რეკომენდებული პროგრამული უზრუნველყოფა ჩაუწერა. კომპანიას ეს არცერთ სხვა ბაზარზე არ გაუკეთებია.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ლეონიდ ბერშიდსკი